საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა და ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინული „ინჰულეცი“ 2:1 დაამარცხა.
მატჩი დაძაბული გამოდგა და საწყის 13 წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ ვლადისლავ კლიმენკომ „ინჰულეცი“ დააწინაურა, ხოლო შემდეგ ოლექსანდრ აზაცკიმ წონასწორობა აღადგინა. ბათუმელებმა გამარჯვება 49-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით მოიპოვეს - 2:1.
„დინამო ბათუმმა“ თურქეთში მთლიანობაში 7 ამხანაგური თამაში ჩაატარა, 2 მოიგო, 2 წააგო და 3-ჯერ ფრეს დასჯერდა.
„ინჰულეცთან“ 2:1, პოზნანის „ლეხთან“ 2:1, ყაზანის „რუბინთან“ 2:2, „რაკუვთან“ 3:3, „ნიჟნი ნოვგოროდთან“ 1:1, ბელგრადის „პარტიზანთან“ 1:3 და „ლვოვთან“ 0:1 - ასეთია შეკრების სპარინგმატჩების ჩამონათვალი.
შეგახსენებთ, 20 თებერვალს, საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნება, რომელშიც „დინამო ბათუმი“ და „საბურთალო“ დაუპირისპირდებიან. 25 თებერვალს კი, ეროვნული ლიგა აიღებს სტარტს და მოქმედი ჩემპიონი ბოლნისის „სიონს“ დაუხვდება.
„დინამო ბათუმი“ – „ინჰულეცი“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 კლიმენკო (3), 1:1 აზაცკი (13), 2:1 მამუჩაშვილი (49, პენ)