ევროლიგის მეორე ტურში მოსკოვის ცსკა სტუმრად „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
დიმიტრი იტუდისის გუნდს რთული ბრძოლა გადახდა, მაგრამ საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით, 100:96 მაინც იმარჯვა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა, რადგან მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
თორნიკემ 32:29 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა.
შენგელია ცსკა-ში საუკეთესო იყო, როგორც ქულებით, ისე სარგებლიანობის კოეფიციენტით (ამ კომპონენტში ორივე გუნდში) და MVP-ის ტიტული დამსახურებულად ერგო.
მოსკოვის ცსკა-ს თითო მოგება/წაგებით მეათე ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 12 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.