ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველების ანგარიშზე უკვე 6 მედალია. დღეს ვერცხლი იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა, რომელმაც ფინალამდე 3 მეტოქე დაამარცხა და იქ ლეგენდარულ კუბელ ლოპეს ნუნიესს ვერ სძლია, რომელმაც თავის მხრივ ზედიზედ მეოთხე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
დღეს, ასპარეზობაში ჩაერთო 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მელია, რომელიც მერვედფინალში წონის ლიდერ და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მუსა ევლოევთან დამარცხდა. წაგების მიუხედავად ქართველი ფალავანი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, რადგან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოჭიდავემ, ფინალში გასვლა შეძლო და მელია რეპეშაჟში გაიყოლა.
3 აგვისტოს, გიორგი უნგრელ ალექს გერგო სოკეს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ ტადეუშ მიხალიკს დაუპირისპირდება. რეპეშაჟი დილის 6 საათზე დაიწყება. ქართველი კი ხალიჩაზე რიგით მესამე გამოვა.
შეგახსენებთ, გიორგი მელიას მიღწევებს: 24 წლის სპორტსმენის პირველი დიდი ტურნირი 2016 წელს საფრანგეთში ჩატარებული იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა. მას შემდგომ კი 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ბრინჯაო, 2019 წელს კი ვერცხლის მედალი აიღო. ნურ სულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მელიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპის ჩემპიონატი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარუმატებელი გამოდგა და 2018 წელს ვარშავაში მე-10 ადგილი, ხოლო 2019 წელს ბუქარესტში მე-17 პოზიცია დააფიქსირა.
რაც შეეხება მელიას მეტოქეს, ის დიდი მიღწევებით ნამდვილად არ გამოირჩევა და მისი ბარიერის გადალახვა ჩვენებურს არ უნდა გაუჭირდეს. უნგრელი მოჭიდავის ყველაზე დიდი მიღწევს იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები მე-5 შედეგია. ოლიმპიურ თამაშებზე კი წელს მისი დებიუტი შედგა.
ჭიდაობაში რიგით მესამე სპორტსმენი რამაზ ზოიძე იქნება. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენს ბევრი ფავორიტად მოიაზრებს. მისი მეტოქე კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა გახლავთ. 29 წლის სპორტსმენი ამ წონით კატეგოროაში ყველაძე ძლიერი გახლავთ და თუ ზოიძე მის ბარიერს დაძლევს, შემდეგ შედარებით სუსტი მეტოქეები ელის.
ისმაელი რიოში გამართული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. გარდა ამისა მას ზურგს 2-ჯერ მსოფლიო ჩემპიონობა, ერთხელ ამერიკის თამაშების, ხოლო 2018 წლიდან ზედიზედ 3-ჯერ ამერიკის ჩემპიონობა უმაგრებს. მას ასევე პირველ ადგილზე აქვს დასრულებული 2018 და 2019 წლის სარეიტინგო ტურნირები.
რაც შეეხება თავად ზოიძეს, 25 წლის ფალავანის ყველაზე დიდი მიღწევა, 2015 წელს იონიორთა მსოფლიო ჩემპიონობა გახლავთ. ამის გარდა კი ევროპის ჩემპიონატი მე-11 პოზიციაზე, სარეიტინგო ტურნირები მე-2 და მე-9 ადგილზე, ხოლო მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატები მე-7, მე-5 და მე-2 ადგილებზე დაასრულა. ზოიძისა და კუბელი მეტოქის წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ტუნისელი სილეიმან ნასრისა და აკერ ალ ობაიდს შორის უმჯობესს შეხვდება.
ასევე ხვალ ფინალში გასასვლელად იბრძოლებს ლაშა გობაძე. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ის მერვედფინალში უზბეკ რუსტემ ასაკალოვს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში ხორვატ ივან ჰუკლეკისა და ამერიკე ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
ამავე წონაში ასპარეზობს სერბეთის სახელით ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც უკრაინელი ზან ბელენიუკის წინააღმდეგ იჭიდავებს. სხვათა შორის, თუ დათუნაშვილი და გობაძე მერვედფინალსა და მეოთხედფინალს გადალახავენ, ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან. 3 აგვისტოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით დილის 7 საათიდან დაიწყება.
ხვალ საკუთარ ძალებს მოსინჯავს მძლეოსანი ლაშა ღულელაური. სამხტომი ჩვენი დროით 04:00-დან 05:00 მდე გაიმართება და ლაშა რიგით მე-13-ე გამოვა. A ჯგუფში სულ 15 სპორტსმენია, ფინალში კი საუკეთესო 12 მძლეოსანი გადავა.
ასევე 14:15-დან 16:30-ის ჩათვლით გაიმართება შეჯიბრი ბირთვის კვრაში, სადაც საქართველოს სახელს გიორგი მუჯარიძე და ბენიკ აბრამიანი დაიცავენ. ხვალ გაირკვევიან ფინალში გამსვლელები. მედლისთვის ბრძოლა კი უკვე 4 აგვისტოს, ჩვენი დროით დილის 06:00 საათზე განახლდება.