ტოკიოს ოლიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო და კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო.
ქართველი მოფარიკავე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-8 ნომერია, რეიტინგის მე-15 ნომერ სამხრეთ კორეელ იუნგვან კიმს დაუპირისპირდა. შეხვედრა აზიელის ორი ქულით დაიწყო, მაგრამ შემდეგ სანდრო გააქტიურდა და ზედიზედ 5 ქულა მოიპოვა - 5:2. პირველ პერიოდში სამხრეთკორეელმა მაინც მოახერხა სიტუაციის დაძაბვა და სანდრომ პერიოდი მხოლოდ მინიმალური უპირატესობით 8:7 მოიგო.
მეორე პერიოდი ქართველის უპიპურატესობით დაიწყო, მეტოქეს ზედიზედ ორი ჩხვლეტა მიაყენა და 10:7 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ იქვე მოახერხა ჩამორჩენის აღმოფხვრა, ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლაც - 10:11. მოპოვებული უპირატესობა კიმს ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანა - 11:15. როგორც ხედავთ, გარდამტეხ მომენტში, 10:7-ს შემდეგ ქართველმა 1:8 წააგო და ცხადია, მარცხიც განიცადა.
სამწუხაროდ, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი დიდეუბლად დაიწყო და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი და მთავარი ფავორიტიც დაამარცხა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ნახევარფინალური პაექრობის წაგება იყო, რომელშიც ის მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა - ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12), ხოლო მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერ, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს 15:13 აჯობა. ნახევარფინალში მისი მოწინააღმდეგე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ შილადი იყო, რომელთანაც 13:15 დამარცხდა. 13:13-ზე სანდრო მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს და მისი მოპოვებული ქულა მეტოქეს მიაკუთვნეს.
ოლიმპიური თამაშების პირველი დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. სანდრო ბაზაძე მეოთხე ადგილს დასჯერდა, ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო) ასპარეზობას რეპეშაჟში გამოეთიშა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ჩოგბურთი) 1/16 ფინალში გასვლა შეძლო. მოკრივე ესკერხან მადიევი მერვედფინალში გავიდა, ხოლო მოცურავე ირაკლი რევიშვილმა კვალიფიკაციის გადალახვა ვერ მოახერხა და ასპარეზობა დაასრულა.