ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალშია. ლუის ენრიკეს გუნდმა ევრო 2020 უმძიმესად დაიწყო, მაგრამ ბოლო ორი მატჩია ჩინებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და მისი ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება.
„ფურია როხამ“ ხორვატია გიჟურ ბრძოლაში დამატებით დროში დაამარცხა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელები პრაქტიკულად 85 წუთი ძალიან მაგრად თამაშობდნენ.
ესპანეთი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და სახიფათო მომემტებიც შექმნა, მაგრამ ანგარიში ხორვატიამ გახსნა. გოლი კურიოზული გამოდგა. პედრიმ 45 მეტრიდან დაუბრუნა ბურთი მეკარე უნაი სიმონს, რომელმაც ის ვერ დაიმორჩილა და გოლი გავიდა. ეს საერთო სურათიდან და კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო, სამაგიეროდ, სულ მალე წონასწორო აღდგა, რაც უკვე ლოგიკას ექვემდებარებოდა.
ტაიმის ბოლოს მეტოქის კარი მასირებული იერიშის შედეგად პაბლო სარაბიამ გაიტანა ხორვატია შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა. მეორე ტაიმში ლუის ენრიკეს გუნდი კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა და სოლიდური უპირატესობა შედეგშიც ასახა. სესარ ასპილიკუეტამ და ფერან ტორესმა პირინელებს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს. ეს ყველაფერი 77-ე წუთისთვის და არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ ესპანეთს თამაში ვერ მოეგო.
თუმცა, ხორვატიამ მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. 85-ე წუთზე მისლავ ორშიჩმა შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მარიო პაშალიჩმა გათანაბრება შეძლო! ესპანეთის ნაკრების დიდი უპირატესობა 7 წუთში გაქრა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა.
თავიდან ხორვატია აქტიურობდა და ორჯერ მაგარი შანსიც მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა. განსაკუთრებით ანდრეი კრამარიჩის მომენტია აღსანიშნავი, რომელსაც 5 მეტრიდან უნაი სიომნმა აჯობა, არადა ხორვატ ფორვარდს ხელს არავინ უშლიდა და გოლიც აუცილებლად უნდა გაეტანა. გამოუყენებელი მომენტის გამო ხორვატები მალევე დაისაჯნენ.
მე-100 და 103-ე წუთებზე ალვარო მორატამ და მიკელ ოიარსაბალმა ორჯერ გაიტანეს და მეორე დამატებით ტაიმს პრატიკულად აზრი დაეკარგა. ესპანეთმა ევრო 2020-ის ყველაზე ფეერიულ მატჩში გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში საფრანგეთს ან შვეიცარიას შეხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა დამატებით დროში მოიგო, სრულიად დამსახურებულად იმარჯვა და ლუის ენრიკეს გუნდის თამაშის ხარისხი აშკარად იზრდება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ტურნირის ფავორიტებს შორის აუცილებლად უნდა შევიყვანოთ. მეორეს მხრივ, ხორვატიას მხოლოდ ქება ეკუთვნის, მაგრამ ოქროს თაობა უკვე პრაქტიკულად წასულია და ხორვატიის ნაკრებს წინ რთული პერიოდი ელოდება - თაობათა ცვლა.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ამაზე შედეგიანი მატჩი მხოლოდ ერთხელ, 1960 წელს გაიმართა, როცა საფრანგეთმა იუგოსლავია 5:4 დაამარცხა. ესპანეთი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე 5 გოლი ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა. ალვარო მორატას ევროპის ჩემპიონატებზე 5 გოლი დაუგროვდა და ფერნანდო ტორესს გაუთანაბრდა, რაც ესპანელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. მისლავ ორშიჩი პირველი ხორვატია, რომელიც დიდ ტურნირზე (მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი) შეცვლაზე შევიდა და გოლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა.
ხორვატია - ესპანეთი 3:5 დ.დ (1:1)
კოპენჰაგენი, „პარკენი“
ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი; იურანოვიჩი (ბრეკალო 74), ვიდა, კალეტა-სარი, გვარდიოლი; მოდრიჩი (ივანუშეჩი 114), ბროჟოვიჩი, კოვაჩიჩი (ბუდიმირი 79); ვლშიჩი (პაშალიჩი 79), პეტკოვიჩი (კრამარიჩი 46), რებიჩი (ორშიჩი 67)
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი; ასპილიკუეტა, გარსია (პაუ ტორესი 72), ლაპორტი, გაია (ალბა 78); კოკე (ფაბიან რუისი 78), ბუსკეტსი (როდრი 102), პედრი; ტორესი (ოიარსაბალი 88), მორატა, სარაბია (დანი ოლმო 71)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 1:0 პედრი (20, ა.გ), 1:1 სარაბია (38), 1:2 ასპილიკუეტა (57), 1:3 ტორესი (77), 2:3 ორშიჩი (85), 3:3 პაშალიჩი (90), 3:4 მორატა (100), 3:5 ოიარსაბალი (103)
გაფრთხილება: ბროჟოვიჩი (73), კალეტა-სარი (84)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 19 (10) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 0:7 თამაშგარე: 6:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი)
მსაჯი: ჯუნეთ ჩაქირი (თურქეთი)