ავტოსპორტი

20:11 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი ისევ პოულზეა, ამჯერად მანქანის დაუზიანებლად

შარლ ლეკლერმა ზედიზედ მეორე საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. ამჯერად აზერბაიჯანის დიდ პრიზზე და რაც მთავარია ისე, რომ მანქანა არ დაუმტვრევია. რბოლა ისევ დროის გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე შეწყდა, ოღონდ ამჯერად წითელი შუქები იუკი ცუნოდას და კარლოს საინსის ავარიების გამო აინთო.

მათი ავარიების გამო, პოულისთვის მებრძლებს, ბოლოს სწრაფი წრის დასრულების სშუალება არ მიეცათ. და ამ მომენტში, ცხრილის სათავეში ისევ „ფერარის“ პილოტი იყო, რომელმაც ამ სეზონში ზედიზედ მეორე პოულიც სრულად დაიმსახურა. მონაკოელმა 0.232 წამით აჯობა ლუის ჰამილტონს, მაქს ფერსტაპენი კი მესამე ადგილს დასჯერდა.

ჩვეულებრივ, ჰამილტონისთვის მეორე ადგილი წაგების ტოლფასია ხოლმე, მაგრამ ამჯერად, ბრიტანელი თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა. „მერსედსს“ ბაქოში რთული თავისუფალი პრაქტიკები ჰქონდა და მსოფლიო ჩემპიონი ამის გამო არ ელოდა წინა რიგში დადგომას.

მისგან განსხვავებით, გაწბილებული დარჩა ფერსტაპენი, ვისაც მეორე სწრაფი წრე, ცუნოდას ავარიის გამო არ გამოუვიდა. იაპონელი ზღუდეს მე-3 მოსახვევში შეეჯახა და წამებში მას საინსიც მიყვა. „ფერარის“ პილოტმა უსაფრთხო „ჯიბეში“ გადაუხვია, მაგრამ მანქანა მაინც მოუცურდა და ისიც ზღუდეს შეეჯახა.

მეოთხე დრო პიერ გასლიმ დააფიქსირა, ვინც თავის კარიერაში, საუკეთესო საკვალიფიკაციო შედეგი გაიმეორა. საინსმა კი შეჯახებამდე, მეხუთე დროის ჩვენება მოასწრო.

ავარიები კვალიფიკაციის პირველ ნაწილშიც მოხდა. ოღონდ, მე-15 მოსახვევში. ჯერ ლანს სტროლმა დაამტვრია თავისი „ასტონ მარტინი“, მოგვიანებით კი მისი ბედი ანტონიო ჯოვინაციმ გაიზიარა. ორივე ინციდენტის გამო, რბოლა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'41.218
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.232
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.345
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.347
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.358
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.529
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.699
  8. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 0.993
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.109
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1.441
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.006
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.055
  13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.340
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.369
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.540
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.910
  17. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.940
  18. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3.020
  19. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) -
  20. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) -
0.114238