ავტოსპორტი

23:27 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასის ძრავს რბოლისას პრობლემა ჰქონდა

„მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ რბოლის დროს, ვალტერი ბოტასის მანქანის ძალურ დანადგარს პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ფინელმა პილოტმა, მაქს ფერსტაპენთან მეორე ადგილისთვის ბრძოლა ვერ შეძლო.

პრობლემა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტასმა პიტ სტოპი შეასრულა და მყარი საბურავები გაახურა. ბოქსიდან გამოსულს, მას ფერსტაპენმა გაასწრო. საბურავების ოპტიმალურ კონდიციაში შესვლის შემდეგ, ბოტასმა ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. მაგრამ მოულოდნელად, ძრავის ერთ-ერთმა სენსორმა მცდარი ინფორმაციის გადმოცემა დაიწყო. მისი ჩვენებით, გამონაბოლქვი აირის ტემპერატურა მეტისმეტად მაღალი იყო. ამის გამო, ძრავი გარკვეული დროით, ნაკლებად ექსტრემალურ რეჟიმში გადაიყვანეს. ვოლფი ყვება, რომ სანამ ინჟინრებმა გაარკვიეს პრობლემის არსი და ძრავი სარბოლო რეჟიმში გადაიყვანეს, ბოტასმა ხუთი წამი დაკარგა.

„ეს რომ არ მომხდარიყო, რბოლის ბოლოს, მას მაქსის დაწევის და მასზე შეტევის შანსი ექნებოდა. ვალტერი ქებას იმსახურებს. ყველაფრის მიუხედავად, მან იმოლას შემდეგ, ლიდერთა შორის დაბრუნება შეძლო“, - ამბობს ვოლფი.

„რაც შეეხება ლუისს, ის უბრალოდ, შეუდარებელი იყო. მაქსის და ვალტერის გასწრების შემდეგ, ის თავდაჯერებულად აკონტროლებდა რბოლას. მის ხმაზე ვხვდებოდით, რომ ბოლომდე იხარჯებოდა. არ იყო მომენტი, როცა თავს მოდუნების უფლებას მისცემდა. მისი უპირატესობა მეტისმეტად მცირე იყო“, - დასძენს ვოლფი.

0.119337