იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შემდეგ „ინტერმა“ სკუდეტოსკენ მორიგი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა, ხოლო „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენისკენ... უცნაურია, მაგრამ ასეა - ანდრეა პირლოს გუნდი კატასტროფულად თამაშობს.
სანამ ტურინელთა წვალებაზე ვიტყოდეთ, „ინტერის“ გამარჯვებაზე - „ნერაძურის“ „ვერონასთან“ კარგად არ უთამაშია და ალბათ, არც მოგებას იმსახურებდა, მაგრამ სწორედ ამაშინა კონტეს გუნდის ძალა, რომ ისეთ მატჩებსაც იგებს, რომელშიც მეტოქეს ვერაფრით სჯაბნის. სტუმრებს ერთი გოლი უსამართლოდ გააუქმეს, ხოლო მატეო დარმიანმა თამაშის მიწურულს ერთადერთი გოლი გაიტანა და „ინტერს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. მილანელები თანაქალაქელ „მილანს“ უკვე 13 ქულით უსწრებენ და იმის მიუხედავად, რომ თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული, დიდი შანსია, მომდევნო უიქ-ენდზე „ინტერი“ გაჩემპიონდეს და ეს მოხდება 11-წლიანი პაუზის შემდეგ! ანტონო კონტეს ეფექტიც ეს არის, მან შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა გუნდში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდებული მწვრთნელია.
სამაგიეროდ, ანდრეა პირლო მწვრთნელი არ არის. ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ „იუვენტუსი“ არათუ ჩემპიონობას გამოემშვიდობა, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გადის. ტურინელები ფლორენციაში „ფიორენტინას“ ესტუმრნენ და მორიგი ძვირფასი 2 ქულა დაკარგეს. უფრო სწორედ, თამაშის სცენარიდან გამომდინარე ქულები „იებმა“ დაკარგეს, რადგან „ვიოლამ“ „იუვე“ ძალიან დაჯაბნა და რომ არა ალვარო მორატას ლამაზი, მაგრამ უცნაური გოლი შავ-თეთრები უქულოდ დარჩებოდნენ. სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი კარში დარტყმა, რომელიც სტუმრებმა განახორციელეს. „იუვენტუსი“ „მილანთან“ ერთად 66 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, მაგრამ „როსონერის“ 33-ე ტურში „ლაციოსთან“ სათამაშო აქვს, ხოლო მეხუთე ადგილზე მყოფი „ნაპოლიც“ იქვეა, რომელიც „ტორინოს“ ორშაბათს თუ დაამარცხებს, „იუვეს“ დაეწევა. მოკლედ, „ბებერი ქალბატონის“ საქმე ძალიან მძიმედაა და ამ დროს მისი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი სუპერლიგაზე ფიქრობენ. სხვათა შორის, მან ამ მატჩამდეც თქვა, რომ სუპერლიგა არსებობსო და ძალიან კარგიაო... ასეც რომ იყოს, ამ „იუვენტუსს“ სუპერლიგაში რა ესაქმება?!
ამასობაში, ბერგამოს „ატალანტა“ ბრწყინავს და საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ 5:0 გაანადგურა. ჯან პიერო გასპერინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ალბათ ნამდვილად გავა, რადგან სხვებზე კარგად თამაშობს და ნამდვილად მაგარ ფორმაშია. „ლა დეას“ 68 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ამდენად ახლოსა მიზანთან. „ატალანტასგან“ განსხვავებით ისევ წააგო „რომამ“, რომელიც „კალიარისთან“ დამარცხდა. „ჯალოროსი“ საშინელ სეზონს ატარებს და მხოლოდ ევროპა ლიგის ნახევარფინალმა თუ შეიძლება გადაარჩინოს. „კალიარიმ“ კი ზედიზედ მესამედ მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
სერია A-ს 33-ე ტური ორშაბათს „ტორინო“ – „ნაპოლისა“ და „ლაციო“ – „მილანის“ ძალზე საინტერესო მატჩებით დასრულდება.
„ბენევენტო“ – „უდინეზე“ 2:4 (1:2)
გოლები: 0:1 მოლინა (4), 0:2 არსლანი (31), 1:2 ვიოლა (34, პენ), 1:3 ლარსენი (49), 1:4 ბრაფი (73), 2:4 ლაპადულა (83)
„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (29, პენ), 1:1 მორატა (46)
„ინტერი“ – „ვერონა“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 დარმიანი (76)
„კალიარი“ – „რომა“ 3:2 (1:1)
გოლები: 1:0 ლიკოგიანოსი (4), 1:1 პერესი (27), 2:1 მარინი (57), 3:1 ჟოაო პედრო (64), 3:2 ფაციო (69)
„ატალანტა“ – „ბოლონია“ 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 მალინოვსკი (22), 2:0 მურიელი (44, პენ), 3:0 ფროილერი (57), 4:0 ძაპატა (59), 5:0 მირანჩუკი (73)