საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტური ცენტრალური მატჩით დაიხურა, რომელშიც „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ცალკე ინტერესს იწვევდა მწვრთნელთა დუელი - ლევან კორღალიძესა და გიორგი ჭიაბრიშვილს ყოფილი გუნდების წინააღმდეგ უწევდათ დაპირისპირება.
როგორც აღმოჩნდა, სეზონს სტარტს უფრო მზად „საბურთალო“ შეხვდა, რომელმაც უფრო კარგი თამაში აჩვენა და მეტოქეს დამაჯერებლად, რაც მთავარია, დამსახურებულად მოუგო.
ანგარიში გიორგი ჯგერენაიამ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მატჩის ბოლო წუთზე კი გიორგი გოჩოლეიშვილმა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მოახერხა თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„საბურთალო“ მეორე ტურში „სამგურალს“ სტუმრად შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლებს.
„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), 2:0 გოჩოლეიშვილი (90)