ჩოგბურთი

21:09 | 17.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა ნადალი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

სტეფანოს ციციპასი გახდა მეორე ჩოგბურთელი, რომელიც რაფაელ ნადალთან სეტებში 0:2 მარცხდებოდა და საბოლოო მეტოქეს 3:2 მოუგო. ბერძენმა ჩოგბურთელმა ესპანელი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ბერძენმა ჩოგბურთელმა თავისი ქამბექი მესამე სეტის ტაი ბრეიკზე დაიწყო, როდესაც ნადალმა რამდენიმე უნებლიე შეცდომა დაუშვა და ამით ისარგებლა. არა და ამავე სეტში ტაი ბრეიკამდე ნადალს თავის მოწოდებაზე 25-დან 24 ქულა ჰქონდა აღებული და წესით მატჩი 3:0 უნდა მოეგო...

"სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად თუ რა მოხდა კორტზე, ჩემი თამაშით ყველაფერი გასაგებია. წარმოუდგენელი გრძნობა ასეთ მაღალ დონეზე თამაში. თავიდან ძალიან განერვიულებულმა დავიწყე და არ ვიცი რა მოხდა მესამე სეტის შემდეგ, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდებოდა." - განაცხადა ბერძენმა თამაშის შემდეგ.

ნადალს შანსი ჰქონდა 8 მარტამდე რეიტინგში პირველ ადგილზე გადასულიყო, თუმცა ეს ვერ გამოიყენა. ახლა უკვე ცნობილია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი 8 მარტს კვლავ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი იქნება და როჯერ ფედერერის რეკორდს გააუმჯობესებს. სერბი რეიტინგის სათავეში 311 კვირის განმავლობაში იქნება და 8 მარტის კვირის შემდეგ თავისივე შედეგის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

ციციპასმა ბოლო ორ სეტში პირველ ჩაწოდებაზე ქულების 84 პროცენტი (36/43) მოიგო და 27 ვინერსი შეასრულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელის დასამარცხებლად. ბერძენმა ესპანელი ჰარდის საფარზე პირველად დაამარცხა (1-4). ასევე, სტეფანოსი გახდა მეორე ჩოგბურთელი, ფაბიო ფონინის შემდეგ, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე რაფასთან ქამბექი შეასრულა - 2015 წელს, აშშ-ს ღია პირველობაზე იტალიელმა მალიორკელი 3:6, 4:6, 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა.

ციციპასმა ნადალს 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო რევანში აუღო. 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში მესამედ გავიდა და შეეცდება პირველად მოიპოვოს ფინალის საგზური. ამისთვის ბერძენმა რუსი დანილ მედვედევი უნდა დაამარცხოს. დანილმა მეოთხედფინალში თანამემამულე ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა (7:5, 6:3, 6:2), რომელიც მიმდინარე წელს სეტის წაუგებლად ასპარებობდა. ურთიერთშეხვედრებში დანილი ციციპასს 4:1 უგებს. ბოლო შეხვედრა აღნიშნულ ჩოგბურთელებს შორის 2019 წლის შემაჯამებელ ტურნირის ჯგუფური ეტაპის დროს გაიმართა და ერთადერთი გამარჯვება მედვედევთან სტაფანოსმა მაშინ მოიპოვა.

0.144317