იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ცენტრალური მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის გაიმართება. „დიდი იტალიური დერბი“ საყოველთაო ყურადღების ცენტრშია და ამჯერადაც ასეა.
„ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ისინი „სან სიროზე“ მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებენ. პირლომ ანტონიო კონტეს მადლობაც გადაუხადა და თქვა, რომ მწვრთნელი მისი წყალობით გახდა.
„აგრესიულ „ინტერს“ ველოდები, რომელსაც ენდომება დაუყოვნებლივ თავისი ტემპი დაამყაროს თამაშში. თუმცა, ჩვენ მომზადებული ვართ, ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და „სან სიროზე“ ჩვენი თამაშის, შიშის გარეშე სათამაშოდ მივდივართ.
კონტესგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ის არის პირველი ადამიანი, ვინც მაფიქრებინა, რომ მწვრთნელი გავმხდარიყავი. ამიტომ, მისი მადლიერი ვარ. ჩვენ განსხვავებული თვისებები გვაქვს და შეიძლება ამიტომაც, ყოველთვის ვახერხებდით ერთად მუშაობას. თუმცა, ხვალ ჩვენ მეტოქეები ვიქნებით. სეზონის დასაწყისში ვისუაბრეთ, დიდი პატივისცემა და სიყვარულია ჩვენს შორის, მან „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა და ბევრი რამ მომცა.
ჩვენთვის ზეწოლა ნორმალურია, „იუვენტუსი“ ვართ და ამას უნდა შევეჩვიოთ. ზედიზედ 9 წელი ჩემპიონები ვხდებით და ამიტომ, ნორმალურია, რომ უფრო მეტი წნეხი გვქონდეს. თუმცა, „ინტერიც“ გამარჯვებისთვის აშენებული გუნდია.
ფრეზე არ ვითამაშებთ, ვეცდებით გავიმარჯვოთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არა ფუნდამენტური ამ სეზონისთვის. ვიცით „ინტერის“ სიძლიერე, ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვან სტიმულს მოგვცემს, რაც 3 ქულის საკითხს სცილდება. დიდი ყურადღება და დიდი კონცენტრაცია გვმართებს, „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყოველ სამ დღეში თამაში რთულია, ყველა პატარა დეტალზე უნდა ვიმუშაოთ, რაც განაპირობებს განსხვავებას. დიდი გუნდების წინააღმდეგ კონცენტრაცია ყოველთვის მაქსიმალურია. ძალიან მონდომებული არიან ბიჭები და მშვიდად ვარ“, - განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მილანელები ტურინელებს ამ დროისთვის 4 ქულით უსწრებენ, მაგრამ თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. საინტერესო იქნება კონტესა და ანდრეა პირლოს დაპირისპირებაც, ისინი ერთად „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში მუშაობდნენ. კონტეს „იუვეში“ 1991-2004 წლებში, როგორც ფეხბურთელსაც უთამაშია.