კალათბურთი

23:05 | 2.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის კარგმა თამაშმა "ტენერიფე" "რეალთან" მარცხისგან ვერ გადაარჩინა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურში „იბეროსტარ ტენერიფე“ უშუალო კონკურენტ მადრიდის „რეალს“ დაუხვდა და 2021 წელი მარცხით დაიწყო. არადა, გიორგი შერმადინის ლიდერობით კანარიელები მრისხანე მეტოქეს სამი პერიოდის შემდეგ ამარცხებდნენ (26:25, 19:19, 27:26), მაგრამ ბოლო პერიოდში 9 ქულით წააგეს და საბოლოოდ, 85:92 დამარცხდნენ.

შერმადინი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო - 25:15 წუთში მოპოვებული 18 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით. ქართველმა ცენტრმა 14-დან 8 ორქულიანი (57%) და 2-დან 2 საჯარიმო (100%) ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა.

ამ მაჩვენებლით შერმადინი მხოლოდ „რეალის“ წევრ ვალტერ ტავარეშს ჩამორჩა (29), რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა, 13 მოხსნა).

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 14 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვს და მეორე საფეხურზეა, სწორედ „რეალს“ ჩამორჩება და მომდევნო ტურის მატჩს 10 იანვარს, ბოლოადგილოსან „გიპუზკოასთან“ გასვლაზე გამართავს.

0.116591