თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის "დინამოს" შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველმა სპეციალისტმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა და აღიშნა, რომ მეტოქე ფავორიტია, მაგრამ "ლოკომოტივი" წინა ეტაპზეც აუტსაიდერად მიიჩნეოდა.
„პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით. მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი, სულ სხვა.
გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია. ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან, ჯერჯერობით, ლოკომოტივი ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ, მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის დინამოსთან მატჩზე", - ციტირებს ჭიაბრიშვილის სიტყვებს "ლოკომოტივის" ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ "ლოკომოტივი" - მოსკოვის "დინამოს" მატჩი 17 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.