ფეხბურთი

12:37 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "მადა ჭამაში მოდის, ფინალში გასვლა შეგვიძლია"

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ბაიერნთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი აუტსაიდერია, მაგრამ ასე იყო „იუვენტუსთან“ და „მანჩესტერ სიტისთანაც“. ამიტომაც, დარწმუნებულია, რომ „ლიონს“ ფინალში გასვლა შეუძლია.

„ბაიერნი“ არის გუნდი, რომელსაც სუსტი წერტილები არ აქვს. მეოთხედფინალამდე თუ ჩვენს და „მანჩესტერ სიტის“ სტატისტიკას გადახედავდით, იფიქრებდით, რომ შანსი არ გვქონდა. თუ ახლა „ბაიერნის“ სტატისტიკას შევხედავთ, არაფერი იცვლება. ზუსტად იგივე მიდგომა გვაქვს, აუტსაიდერები ვართ, როგორც სხვა მატჩებში, მაგრამ ფინალში გასვლის შანსი გვაქვს. „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონატში ასზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩვენ სტატისტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ასე რომ ვიქცეოდეთ, მაშინ სასტუმროში დავრჩებოდით და მატჩებს ტელევიზორით ვუყურებდით.

ვიცით ვის ვეთამაშებით და რა თვისებები აქვთ. „ბაიერნს“ სისუსტები არ გააჩნია, მაგრამ სრულყოფილი გუნდები არ არსებობენ. თუ შევძლებთ ბურთის კონტროლს, შეგვეძლება წარმატების მიღწევა. საუბარი არ გაქვს მხოლოდ დაცვაზე, უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, ვიცით, რომ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია.

ნახევარფინალში ვართ, დავამარცხეთ „იუვე“ და „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ ჯერ ვერაფერი მოვიგეთ. ამიტომ, შემდეგ მატჩზე უნდა გავამხვილოთ ყურადღება. იტალიის ჩემპიონთან და პრემიერლიგის ვერცხლის მედალოსანთან გამარჯვება ჩვენს თავდაჯერებულობას ამყარებს. მადა ჭამაში მოდის. ფინალამდე მისვლის მადა გვაქვს, შეგვიძლია ამის გაკეთება თუ კარგად ვითამაშებთ. ეს ასევე დამოკიდებულია „ბაიერნზე“, მაგრამ ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, „ლიონისა“ და „ბაიერნის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული ფინალში „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდება.

0.121751