ფეხბურთი

16:39 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ფავორიტებს ფეხი არ დასცდენიათ და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უცვლელი დარჩა.

მხოლოდ ის გაირკვა, რომ „საბურთალო“ ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმს ივანწმინდაში „ჩიხურას“ დამაჯერებლად 3:1 კი აჯობა, მაგრამ ლიდერ „დინამო თბილისს“ ისევ 5 ქულით ჩამორჩება, რაც ბუნებრივია ერთი ტურისთვის აღმოუფხვრელი სხვაობაა.

„დინამო თბილისმა“ გორში, „დილას“ ძლევა მოახერხა და შეიძლება ითქვას, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ფელის ვისენტეს გუნდმა პირველივე ტაიმში ლუკა რაზმაძის ავტოგოლითა და ნოდარ ქავთარაძის გოლით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მართალია, მსაჯის კომპენსურებულ დროში მიკოლა კოვტალიუკმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ გორელებმა თამაში ვერ გადაარჩინეს. შედეგად, „დინამომ“ 72 ქულა დააგროვა და „საბურთალო“ საბოლოოდ ჩამოიშორა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს. თბილისელები ბოლო ტურში უკვე გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობასაც მოიპოვებენ. წესით, „დინამოს“ ეს არ უნდა გაუჭირდეს.

„დინამო ბათუმმა“ კი, შინ „რუსთავს“ აჯობა (2:1), მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად კონკურენტზეა დამოკიდებული და ახლა მხოლოდ „ვიტ ჯორჯიას“ იმედად თუ იქნება. აჭარულ გუნდს 70 ქულა აქვს, შანსი არ დაუკარკავს, მაგრამ მის ხელთ არაფერია.

ვთქვათ ისიც, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისში „სიონს“ აჯობა და მეოთხე ადგილი გაინაღდა. რამაც „რკინიგზელებს“ 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპა ლიგის საგზური მოუტანა. თავის მხრივ, „სიონი“ პლეი-აუტს თავს ვერ დააღწევს და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი მოუწევს.

იგივე ითქმის „რუსთავზე“, რადგან მისმა კონკურენტმა ქუთაისის „ტორპედომ“ „ვიტ ჯორჯიას“ 2:0 მოუგო და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

„ვიტ ჯორჯია“ – „ტორპედო“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ციცქიშვილი (64), 0:2 კაპანაძე (80)

„სიონი“ – „ლოკომოტივი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 უბილავა (20), 0:2 სიხარულიძე (26), 1:2 გვარაძე (62)

„დილა“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 რაზმაძე (27, ა.გ), 0:2 ქავთარაძე (43), 1:2 კოვტალიუკი (90)

„დინამო ბათუმი“ – „რუსთავი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფლამარიონი (39), 1:1 სილაგაძე (45), 2:1 გაგოშიძე (49)

„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 გორგიაშვილი (17), 1:1 მუმლაძე (67), 1:2 ტაბატაძე (72), 1:3 კოხრეიძე (90)

0.116577