გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში თბილისში სტუმრად იყო გერმანიის ნაკრებისა და უნგრეთის დიორის ვარსკვლავი, ანია ალტჰაუსი, რომელმაც სპორტის სასახლეში შეხვდა ახალგაზრდა ხელბურთელებს.
ევროპის ხელბურთის ფედერაცია 2019 წლის გოგონათა ასაკობრივი ჩემპიონატებიდან იწყებს ახალ პროექტს „დააფასე შენი ტალანტი“, რომლის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ნიჭიერი ხელბურთელები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში - როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე ხელბურთს მიღმა.
2019 წელს გამართულ ევროპის გოგონათა ჩემპიონატების პროგრამაში ამ პროექტით მონაწილეობენ ცნობილი ვარსკვლავები: ალტჰაუსი, სტინე ოფტედალი (ნორვეგია), ნერეა პენია (ესპანეთი), იოანა ალმი (შვედეთი), ანა გროსი (სლოვენია).
პროექტის მიხედვით, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების გამორჩეული მოთამაშეები - ისინი, ვინც მიიღებს მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზს ან დასახელდება ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში - მოხვდებიან ევროპის ფედერაციის ყურადღების არეალში: 2020 წელს ამ ხელბურთელებითვის გაიმართება სპეციალური საწვრთნელი კემპი, მათ მომავალ კარიერას კი ყურადღება დაეთმობა სოციალურ მედიაში. 2020 წლიდან პროექტში ჭაბუკებიც ჩაერთვებიან.
პარასკევს,ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღე იყო, სპორტის სასახლეში კი შეიკრიბა მონაწილე 10 გუნდის ორმოცამდე მოთამაშე - ისინი, ვინც მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ. ანია ალტჰაუსს მათთან ორსაათიანი საუბარი ჰქონდა. ძირითადი თემა, ცხადია, ხელბურთი იყო - როგორი მოტივაცია უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა სპორტსმენს, ურთიერთობა მედიასთან, განათლება და ორმაგი კარიერის დაგეგმვა...
ალტჰაუსმა სპორტსმენის კარიერა 2018 წელს, 36 წლისამ დაანება, მას შემდეგ, რაც უნგრეთის დიორთან ერთად მესამედ მოიპოვა ჩემპიონთა თასი - აქამდე მას ეს ჯილდო ორჯერ ჰქონდა მოგებული დანიის ვიბორგში, გერმანიის ტრირში და ტიურინგერში ორჯერ იყო ბუნდესლიგის ჩემპიონი, ხოლო გერმანიის ნაკრებში 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ანია ალტჰაუსი: - EHF ახალი პროექტი, „დააფასე შენი ტალანტი“ ძალიან საინტერესოა. გოგონებს საკუთარი და ჩემი კოლეგების კარიერის შესახებ მოვუყევი და გამოცდილება გავუზიარე - ჩემი წარმატებების თუ წარუმატებლობების, შეცდომების შესახებ ვუამბე. საქართველოში პირველად ვარ. მართალი გითხრათ ბევრი არაფერი ვიცოდი და ერთ დღეში რაც ვნახე იმის მიხედვით, შემიძლია მტკიცედ გითხრათ, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდები როგორც ტურისტი - ქმარს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, უკვე მოვუყევი, როგორი საინტერესო ქვეყანაა.
ევროპის გოგონათა ჩემპიონატი ამ შაბათ-კვირას დასრულდება. ხვალ ნახევარფინალებია, ზეგ - ფინალი. ხვალ, 15 საათზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთის გუნდს ხვდება.