ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი იანეზ კოსიანჩიჩი მინსკში ჩატარებულ მეორე ევროპულ თამაშებს უმაღლეს დონეზე აფასებს. მისი თქმით, საორგანიზაციო კომიტეტმა სამუშაო შესანიშნავად შეასრულა, ყველა საკითხი სწრაფად გვარდებოდა. თამაშებმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა და მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა.
კონტინენტის უმთავრეს მულტისპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროპის 50 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელმა, მათ შორის მედალოსანი გახდა 43 ქვეყანა. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედლით მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ევროპულ თამაშებზე ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მხატვრული ტანვარჯიში, 3X3 კალათბურთი, პლაჟის ფეხბურთი, ველოსპორტი, მძლეოსნობა. თამაშების ყველაზე ასაკოვანი სპორტსმენი იყო 61 წლის ისრაელელი ბადმინტონისტი სვეტლანა ზილბერმანი, ყველაზე ახალგაზრდა - 14 წლის უკრაინელი აკრობატი მარია ლოსი; ყველაზე მცირერიცხოვანი დელეგაცია ჰყავდა ლიხტენშტაინს -ერთი ძიუდოისტი, ხოლო 224 სპორტსმენით ყველაზე წარმომადგენლობითი იყო რუსეთი.
იანეზ კოსიანჩიჩის განცხადებით, ასპარეზობებს მსოფლიოს 196 ქვეყანაში მილიონობით ადამიანმა მიადევნა თვალ-ყური.
კოსიანჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ შეჯიბრებების ჩასატარებლად 10-დღიანი ვადა ყველაზე ოპტიმალურია. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ EOC დაახლოებით 6-9 თვეში მასპინძელ მხარესთან ხელს მოაწერს 2023 წელს კრაკოვსა და მალოპოლსკის სავოევოდოში მესამე ევროპული თამაშების ჩატარებისთვის საჭირო დოკუმენტებს.
www.geonoc.org.ge