„ტოტენჰემის“ ახალი, 1 მილიარდიანი სტადიონი ოფიციალურად 3 აპრილს, „ტოტენჰემი“ – „კრისტალ პალასის“ პრემიერლიგური მატჩით გაიხსნება. შაბათს კი ახალ არენაზე „დეზებისა“ და „ინტერის“ ვეტერანებმა ტესტ-მატჩი ჩაატარეს.
უამრავი ვარსკვლავი შეიკრიბა. მასპინძლების შემადგენლობაში იყვნენ: იურგენ კლინსმანი, დავიდ ჟინოლა, დარენ ანდერტონი, რობი კონი და რა თქმა უნდა, პოლ გასკოინი, რომელმაც დაახლოებით ათ წუთს დაჰყო მინდორზე და მერე კოჭლობით გაემართა სათადარიგოთა სკამისკენ.
„ეს ოხერი აქილევსის მყესი. ისევ შემაწუხა. არადა, სამი თვე ვემზადებოდი ამ მატჩისთვის. ძალიან ემოციური დაბრუნება კი გამოვიდა. მადლობა ყველას.“ - დაწერა შემდეგ „გაზამ“ თავის „ტვიტერზე.“
მოგეხსენებათ, გასკოინს კარგა ხანია ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს. ამიტომ იყო, რომ მის გამოჩენას ადგილობრივი მაყურებელი განსაკუთრებული სითბოთი და ყიჟინით შეეგება.
სტუმრების მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ გახლდათ. შემადგენლობაში კი ლეგენდარული ხავიერ ძანეტი, ლორან ბლანი, ხუან სებასტიან ვერონი და ჟულიო სეზარი ჰყავდათ.
პირველი ტაიმი 3:3 დამთავრდა. მეორეში კი სტუმრებმა იძალეს - 5:4. გამარჯვების გოლი, ბოლო წუთზე მაროკოელმა ჰუსეინ ხარჯამ გაიტანა, რომელიც მილანელთა ღირსებას 2010-იანის დასაწყისში იცავდა.