ფეხბურთი

1:48 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უქულოდ, უგოლოდ...

ძველი სურათი - საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩეი ციკლი შეუძლია მომდევნო მოსამზადებლად გამოიყენოს, ოღონდ ამჯერად, ერთა ლიგის. რას ვიზამთ, ჯერ მხოლოდ ორი ტური გავიდა, მაგრამ საუბედუროდ, ასეთი რეალობაა.

ორი ტურის შემდეგ ძნელია იმედი გქონდეს, როდესაც უქულოდ და საერთოდაც, უგოლოდ ხარ. საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის სენი ვერა და ვერ დაძლია, ისევ წააგო. მეათე თამაში და მეცხრე წაგება! კოშმარული სტატისტიკაა, ცუდ სიზმრებშიც რომ გაჭირდება წარმოდგენა.

არადა, ირლანდია დღეს არც ისეთი ძლიერია, როგორც ადრე (საერთოდაც ციდან ვარსკვლავებს არასდროს წყვეტდა). მიუხედავად ამისა, „ავივაზე“ საქართველოს ნაკრები უქულოდ დარჩა. ისევ ერთი ტაიმი ცუდი, მეორე შედარებით უკეთესი. ამჯერზე, პირველი ნახევარი გამოდგა სუსტი და სწორედ ამ ტაიმში გატანილმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ვლადიმირ ვაისს გუნდს ძალიან უჭირდა ბურთის კონტროლი და პრაქტიკულად ვერც ახერხებდა. ირლანდიელთა აქტიურ პრესინგს შედეგი ყოველთვის გამოჰქონდა. სწორედ ასეთი პრესინგისას, კანკავას მოედნის ცენტრში დაასწრეს და სწრაფი კონტრშეტევა კინაღამ გოლით დასრულდა. კონორ ჰურიჰეინი აგვირგვინებდა შეტევას, მაგრამ გიორგი ლორიამ იყოჩაღა, აშკარა გოლს გადაარჩინა თავისი გუნდი. თუმცა, 36-ე წუთზე მაკგოლდრიკის მოპოვებული ჯარიმა იმავე ჰურიჰეინმა ფანტასტიკურად შეასრულა. შეიძლება ლორიას დაგვიანებულ რეაქციაზე ან ცუდად მდგარ ცოცხალ კედელზეც საუბარი, მაგრამ დარტყმა მართლაც იდეალური იყო. ეს ჰურიჰეინის პირველი გოლი გამოდგა ირლანდიის ნაკრებში და საერთოდაც, კელტებმა 2016 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს პირდაპირ საჯარიმო დარტყმით გოლის გატანა... სხვათა შორის, გოლმადე 3 წუთი თამაში შეჩერებული იყო, რადგან როგორც დააანონსებული გახლდათ, ადგილობრივმა პუბლიკამ მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციისადმი პროტესტის ნიშნად.

საქართველო პირველ ტაიმში პრაქტიკულად უშანსოდ იყო. თუმცა, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე ძალიან მაგარი მომენტი შეიქმნა. ნიკა კვესკვესკირის კარგი გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ოთარ კიტეიშვილმა მეორე სართულზე ვიზავის აჯობა, თავით ვაკო გვილიას დაუგდო, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა ცუდად დაარტყა, რენდოლფმა მოიგერია და დამატებაზე ქვილითაიამაც ვერ დაარტყა. აშკარა გოლს გადარჩა მასპინძელი გუნდი. ცალსახაა, გვილიას ბევრად კარგად დარტყმა მართებდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა. ირლანდიამ უკან დაიხია და აღარც აქტიურ პრესინგს მიმართავდა. საქართველომ კი ბურთიც გააკონტროლა და სცდილიბდა მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გაეტარებინა, თუმცა, უნაყოფოდ, სახიფათო მომენტები პრაქტიკულად ვერ შექმნა. არადა, ორჯერ იყო კარგი შეტევის შანსი, მაგრამ ორჯერვე გვილიამ ცუდი გადაცემით შეტევას სიმწვავე დაუკარგა და მომენტებიც ქარს გატანილი დარჩა. ბოლოსკენ საქართველოს მაინც შეეძლო გათანაბრება - ჯაბა კანკავამ გაისროლა და არ გაუმართლა. ირლანდიას ამჯერად მხსნელად ძელი მოევლინა. შეიძლებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. არადა, ირლანდია ხიფათს მხოლოდ ფორვარდის, მაკგოლდრიკის მეშვეობით ქმნიდა, რომელმაც ლამის ყველა პირველი ბურთი მიიღო და ბევრი თავსატეხიც გაუჩინა ქართველ მცველებს. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, თითქმის თანაბარი თამაში იყო, რეალური საგოლე მომენტებიც თანაბრად შეიქმნა, მაგრამ ეგაა, საქართველომ ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა, ირლანდიამ - გამოიყენა.

ორი ტური და 0 ქულა. საქართველოს ნაკრებს ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, ყოველშემთხვევაში, თეორიულად აქვს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თეორიაა.

მომდევნო შეხვედრას კი „ჯვაროსნები“ 7 ივნისს, თბილისში, გიბრალტარის ნაკრებთან გამართავენ. იქამდე, დასკვნებისთვის დიდი და საკმარისი დროა. დასკვნები, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა აუცილებლად უნდა გამოიტანოს. რა თქმა უნდა, სწორი დასკვნები, რაც შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ დუბლინში აშკარად არ ჩანდა...

ირლანდია - საქართველო 1:0 (1:0) VIDEO

დუბლინი, „ავივა სთედიუმი“

მაყურებელი: 48 000

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი; კოულმენი, დაფი, კოე, სტივენსი; ნურიჰეინი, უელენი, ჰენდრიკი; მაკლინი, მაკგოლდრიკი (დოჰერტი 81), ბრეიდი (ო’ბრაიენი 74)

მწვრთნელი: მიკ მაკარტი

საქართველო (4-1-4-1): ლორია; კაკაბაძე (ოქრიაშვილი 85), ხოჭოლავა (ხარაბაძე 65), კვირკველია, კაშია; კვეკვესკირი; კიტეიშვილი, კანკავა, გვილია, არველაძე (ყაზაიშვილი 73); ქვილითაია

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: 1:0 ჰურიჰეინი (36)

გაფრთხილება: კანკავა (15), კაშია (33)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 9 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: სერდარ გიოზუბუიუკი (ჰოლანდია)

0.195667