საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დღეს, თბილისში ესტონეთის ნაკრებთან მატჩით დაასურლებს. ილიას ზუროსის გუდმა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ოფიციალურად სამი დღის წინ საბერძნეთში მარცხით დაკარგა.
მიუხედავად ამისა, გუნდში საბრძოლო განწყობაა და კალათბურთელები იმედოვნებენ, რო საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მიმდინარე შესარჩევ ციკლს გამარჯვებით დაასრულებენ.
ილიას ზუროსმა გუნდი მატჩამდე ერთი დღით ადრე სპორტის სასახლეში ავარჯიშა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა:
„მინდა მადლობა გადავუხადო კალათბურთელებს და მთლიანად გუნდს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს. შესარჩევი ციკლის ორწლიანი ეტაპი სრულდება და გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ. სამწუხაროდ მიზანი ვერ შევარსულეთ, წავაგეთ რამდენიმე თამაში, რომელთაგანაც სახლში საბერძნეთთან შეხვედრას გამოვყოფდი, რომელიც გარდამტეხი გამოდგა. თუმცა, ბიჭებს ძალ-ღონე არასდროს დაუშურებიათ. ვიმედოვნებ ესტონეთთან დარბაზი გაივსება, რადგან ამ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩია. მეტოქე ძალიან კარგად მომზადებული და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ. კარგია, რომ ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს, რომლებიც ასეთ თამაშებში დიდ გამოცდილებას იღებენ“, - აღნიშნა ბერძენმა სპეციალისტმა.
ზუროსის გარდა მედიასთან კომენტარები დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმაც გააკეთეს:
„ძნელი ციკლი იყო ჩვენთვის, რადგან ყველა თამაშზე სხვადასხვა შემადგენლობით გვიწევდა თამაში და ეს სირთულეს გვიქმნიდა. მაგალითად, ჩეხეთმა ყველა თამაში ერთი შემადგენლობით ჩაატარა და წარმატებასაც მიაღწია, ადვილად გაიარა გზა, რადგან შეთამაშებულნი იყვნენ. ჩვენთვის კი სწორედ ეს იყო პრობლემა შეუთამაშებლობა და ყველას უჭირდა. ეს კალათბურთის ნაწილია, ვფიქრობ, ეს პირველადი ექსპერიმენტი იყო და კარგი თამაშებიც გვქონდა. რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს, ადვილი თამაში არ იქნება, მეტოქეს ჰყავს ახალგაზრდა კალათბურთელები, რომლებიც თამაშს მოწყურებულნი არიან და დაამტკიცეს სერბეთთან, რომ თამაში შეუძლიათ. სამი პერიოდი მარტო ახალგაზრდებმა ითამაშეს, 20-23 წლის ბიჭებმა და ვფიქრობ ჩვენთანაც იგივეს გააკეთებენ. ამიტომ, ველოდებით ძლიერ და აგრესიულ თამაშს, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და იმედია, დარბაზში ბევრი გულშემატკივარი მოვა. რაც შეეხება ჩემს ფორმას, სტაბილურად ვთამაშობ და ნელ-ნელა უკეთეს ფორმაში შევდივარ“, - თქვა სანაძემ.
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი მიიჩნევს, რომ შესარჩევ ციკლში ბევრი დასანანი მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით გამოარჩია თბილისში, საბერძნეთთან ბოლო წამზე წაგებული შეხვედრა:
„ძალიან კარგი ერთკვირიანი შეკრება გვქონდა და ამ თამაშისთვის მზად ვართ. სამწუხაროა, რომ მატჩს სატურნირო დატვირთვა არ აქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხეთ. თუმცა, ერთი მნიშვნელობა მაინც აქვს - ჩვენი გულშემატკივრის წინაშე უნდა გავიმარჯვოთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ამ შესარჩევ ციკლში ბევრი რამ დაგვაკლდა, იყო დასანანი მომენტებიც, განსაკუთრებით შესარჩევი ეტაპის დასაწყისს, როდესაც ბევრი მოთამაშე ვერ ჩამოვედით. ასევე იყო ტრავმები. პირველ ეტაპზე ბევრი შეხვედრა წავაგეთ, ხოლო ყველაზე დასანანია თბილისში საბერძნეთთან წაგებული თამაში. ეს მოგება სწორედ დღეს გვაკლდება და რომ მოგვეგო, ახლა სხვა სიტუაცია იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდის დღევანდელმა მეტოქემ ესტონეთმა წინა ტურში სერბეთის ნაკრებს სენსაციურად მოუგო. დღევანდელი შეხვედრა კი თბილისის სპორტის სასახლეში 19 საათიდან დაიწყება.