Sport Inside-მ გაავრცელა იმის შესახებ ცნობა, რომ მოსკოვის „სპარტაკი“ იანვარში ოთხ ფეხბურთელთან აპირებს განშორებას. მათ შორის, ერთ-ერთი ჩვენებური ჯანო ანანიძეა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ავტორიტეტული რუსული გამოცემა Sport-express-ი სტატიას აქვეყნებს და ანანიძის შესახებ წერს:
ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს კლუბი პირადად დაუკავშირდა (შესაძლოა ეს იყო სპორტული დირექტორი სერგეი როდიონოვი) და ჯანო საუბრის შედეგით დამწუხრებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში „სპარტაკის“ ნახევარმცველმა მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა და ჯამში 43 წუთი ითამაშა, ასეთ სცენარს აშკარად არ ელოდა.
ამასთან, ასეთი კონტრაქტისა და ხელფასის მქონე ფეხბურთელისთვის შესაბამისი ადგილის მოძიება ადვილი არ იქნება. მეორეს მხრივ, ძალიან დიდი ფუფუნებაა სათადარიგო სკამზე ასეთი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელსაც არ შეუძლია იმედის მომცემი ფეხბურთელობიდან სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება. თეთრ-წითლებს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევთ“, - წერს Sport express-ი.
აქვე გეტყვით, რომ ჯანოს „სპარტაკთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ხელფასის სახით წელიწადში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მიმდინარე სეზონში 26 წლის ქართველმა შემტევმა მხოლოდ და მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი მიითვალა.