ქუთაისის "ტორპედო" ზამთრის სატრნასფერო პერიოდში ამჟამინდელი ბურთვის შენარჩუნებასთან ერთად, ახალი ფეხბურთელების დამატებასაც აპირებს. როგორც ქუთათურთა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ განაცხადა, გუნდის მიზანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ამიტომ, შემადგენლობა აუცილებლად გაძლიერდება.
"პირველ რიგში, ვულოცავ ქუთაისელ ფანებს ამ წარმატებას. ძალიან გვინდოდა, წელსაც ქვეყნის ჩემპიონობა გვეზეიმა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებელი სტარტის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა...
"ტორპედოს" ზრდა აუცილებლად გაგრძელდება. კლუბი სწორ გზაზე დგას, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება და ვპირდები ფანებს, რომ 2019 წელს ჩვენი გუნდი იმაზე გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა.
იანვარში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, გუნდის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც "ტორპედოს" შემდეგ სეზონებშიც ძალიან დასჭირდება, აუცილებლად დარჩება. ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან ახალ კონტრაქტებზე საუბარიც დავიწყეთ... გარდა ამისა, იქნება რამდენიმე ახალწვეული, რომელიც "ტორპედოს" გააძლიერებს. ჩვენი მიზანი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ამისკენ მივიწევთ.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვგულშემატკივრობს და გვეხმარება მიზნის მიღწევაში!", - ციტირებს ჩაჩავას სიტყვებს "ტორპედოს" ვებგვერდი.
შეგახსენებთ, "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერთი წლის წინ მოიგო, ხოლო გუშინ საქართველოს თასსაც დაეუფლა. ზაფხულში იმერული გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფამდევ მივიდა, სადაც ბულგარულ "ლუდოგორეცთან" დამარცხდა.