საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალშია. კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი „შუქურა“ დაამარცხა.
არადა, აჭარლებისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე დაწინაურდნენ. თავი ომარ ბულუხაძემ გამოიჩინა. „შუქურამ“ სასურველი ანგარიში მხოლოდ პირველ ტაიმში შეინარჩუნა. აი, მეორე ნახევარში კი კლასმა თავისი გაიტანა და ქუთათურებმა იმძლავრეს.
სამწუთიან ინტერვალში მერაბ გიგაურმა და თორნიკე კაპანაძემ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალეს და „ტორპედო“ დაწინაურდა. 61-ე წუთზე გიორგი ქიმაძემაც გაიტანა და ყველაფერი ნათელი გახდა - 1:3.
ამრიგად, საქართველოს თასისთვის ბრძოლას 4 გუნდი აგრძელებს: „დინამო თბილისი“, „ტორპედო“ და ორი ქვედა ლიგელი, „გაგრა“ და „თელავი“.
„შუქურა“ – „ტორპედო“ 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ბულუხაძე (3), 1:1 გიგაური (51), 1:2 კაპანაძე (54), 1:3 ქიმაძე (61)