ლონდონის “ჩელსის” ტურინის “იუვენტუსის” მცველის დანიელე რუგანის გადაბირება სურს. აღნიშნული ინფორმაცია 23 წლის ფეხბურთელის აგენტმა დავიდე ტორჩიამ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ “იუვენტუსი” არ აპირებს ნიჭიერი მცველის გასხვისებას.
“სიმართლე გითხრათ, სარი ძალიან დიდ პატივს სცემს ფეხბურთელს და “ჩელსისაც” მზად აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთავაზება, მაგრამ “იუვენტუსს” არ სურს რუგანის გაყიდვა, რაც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცა.
დიახ, ჩემს კლიენტს უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა და ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიციები. დანიელე ტურინში ბედნიერია და სურს, რომ მინიმუმ 10 წელი “იუვენტუსში” ითამაშოს, როგორც ეს კიელინიმ და ბარძალიმ გააკეთეს. მჯერა, რომ ეს წელი უკეთესი იქნება, პირველივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო.
გვესმის, რომ “იუვენტუსში” კონკურენცია დიდია, მაგრამ რუგანი სეზონში 20 თამაშს თამაშობს და ასეთ პირობებში ეს ცოტა არაა”, - განაცხადა ტორჩიამ.
როგორც ცნობილია, “ჩელსი” რუგანის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდის. მიუხედავად სარფიანი წინადადებისა, “იუვენტუსი” ფეხბურთელთან შელევას არ ჩქარობს.
აქვე გეტყვით, რომ დანიელე რუგანი “იუვენტუსმა” 2012 წელს შეიძინა და 2015 წლამდე “ემპოლიში” ჰყავდა განათხოვრებული. სამი წლის წინ კი უკან დაიბრუნა. მას შემდეგ რუგანიმ ტურინელთა მაისური 67-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა. 4-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2013, 2016, 2017, 2018), სამჯერ იტალიის თასი (2016, 2017, 2018) და ორჯერ იტალიის სუპერთასი (2013, 2015).