საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება გრძელდება და დღეს ხუთი მერვედფინალისტი გამოვლინდა. განსაკუთრებით დრამატული გამოდგა ორი მატჩი, “ლოკომოტივი” – “დინამო” და “ვიტ ჯორჯია 2” – “საბურთალო”.
თავდაპირველად სწორედ ამ მატჩზე გეტყვით, რადგან ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერ თასისთვის ბრძოლას ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარის მეორე გუნდთან გამოეთიშა. მატჩი უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში “ვიტ ჯორჯია 2”-მა უფრო მეტად ივარგა – 4:1.
ასევე პენალტების სერიაში გამოვლინდა გამარჯვებული თბილისურ დერბში. საერთოდაც, საოცარი მატჩი გამოდგა “ლოკომოტივსა” და “დინამოს” შორის. კახი კაჭარავას გუნდი შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა – 2:0. თუმცა, “ლოკომ” მოახერხა გათანაბრება. მალევე, “დინამო” ისევ წინ გავიდა და თითქოს უნდა მოეგო კიდეც, მაგრამ ბოლო წუთზე მამია გავაშელიშვილმა გაათანაბრა. დაინიშნა დამატებითი დრო, რომელიც ასევე დრამატული გამოდგა. ბაბუნაძის გოლით სტუმრებმა კვლავ მოახერხეს დაწინაურება, ხოლო 120 წუთი ამოწურული იყო, როდესაც რატი არდაზიშვილმა დუბლი გაიფორმა და – 4:4! პენალტების სერიაში კი, “დინამომ” მაინც მოიგო, რომელმაც ხუთივე პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო “რკინიგზელთაგან” ნიკა ჭანტურიამ დიმიტრი ბულისკერიას ვერ აჯობა.
ქვეყნის ჩემპიონმა “ტორპედომ” “გორი” ადვილად დაამარცხა სტუმრად 2:0 და შემდეგ ეტაპზეა. ასევე მარტივად მოახერხა 1/8 ფინალში გასვლა თასის მოქმედმა მფლობელმა “ჩიხურამ”, რომელმაც “თბილისი 2016” სტუმრად გაანადგურა (6:0).
დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა “გაგრამ” ეროვნული ლიგის წარმომადგენელ ბოლნისის “სიონს” აჯობა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
“გაგრა” – “სიონი” 2:1 დ.დ (1:1)
გოლები: 1:1 ცაცკრიალაშვილი (24), 1:1 ბერიაშვილი (36), 2:1 ცაცკრიალაშვილი (105)
“გორი” – “ტორპედო” 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 კუტალია (10), 0:2 კაპანაძე (82)
“ლოკომოტოვი” – “დინამო” 4:4 პენ: 3:5 (ძ.დ 3:3, დ.დ 1:1)
გოლები: 0:1 ძალამიძე (4), 0:2 ივანისენია (38), 1:2 კიკაბიძე (49), 2:2 არდაზიშვილი (83), 2:3 კიტეიშვილი (87), 3:3 გავაშელიშვილი (90), 3:4 ბაბუნაძე (99), 4:4 არდაზიშვილი (120+2)
“ვიტ ჯორჯია 2” – “საბურთალო” 0:0 პენ: 4:2 (0:0)
“თბილისი 2016” – “ჩიხურა” 0:6 (0:2)
გოლები: 0:1 ავლოხაშვილი (19, ა.გ), 0:2 ბუხაიძე (28), 0:3 ჩიხლაძე (61), 0:4 იონანიძე (78), 0:5 პედრო (82), 0:6 პედრო (83)