ფეხბურთი

10:27 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ამბიციური "ფურია როხა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 26 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. ამჟამად B ჯგუფის მონაწილეებზე ვსაუბრობთ, უკვე წარგიდგინეთ პორტუგალიისა და მაროკოს ნაკრებები, ხოლო ახლა ჯერი დამდეგი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, ესპანეთის ნაკრებზეა.

მონაწილეობა – 15

ესპანეთის ნაკრებისთვის ეს იქნება მე-15 მსოფლიოს ჩემპიონატი. “ფურია როხას” დებიუტი 1934 წელს იტალიურ მუნდიალზე ჰქონდა მეოთხედფინალამდე მივიდა. შემდეგ 1950 წელს მეოთხე ადგილზე გავიდა, მაგრამ აქედან მოყოლებული ესპანეთის ნაკრებისთვის კარგა ხანი საინტერესო და სახარბიელო არაფერი ხდებოდა პლანეტის მთავარ პირველობაზე.

თავად განსაჯეთ, 1962, 1966, 1978 წლებში (მისთვის ზედიზედ სამი გათამაშება) ჯგუფში ჩარჩა, ხოლო სამშობლოში 1982 წელს, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააღწია. 2010 წლამდე ესპანეთის ნაკრების საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი იყო, რომელსაც 1986, 1994 და 2002 წლებში უწია (ისევე როგორც 1934 წელს).

წინა 14 ტურნირიდან ესპანეთი 5-ჯერ ჯგუფში ჩარჩა, ორჯერ 1/8 ფინალს უწია, ოთხჯერ 1/4 ფინალს, ერთხელ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ერთხელ მეოთხე ადგილს დაეუფლა და ერთხელაც იჩემპიონა.

საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (2010)

ესპანეთი სანუკვარი მიზნისკენ დიდი ხანი მიდიოდა. იცვლებოდა თაობები, გადიოდა დრო, მაგრამ “ფურია როხა” მსოფლიოს ჩემპონატზე ღირებულ კვალს ვერაფრით ტოვებდა. 2010 წლამდე ერთი ნახევარფინალი ასეთი საფეხბურთო ქვეყნისთვის მეტისმეტად ცუდი შედეგი რომ გახლავთ, დიდად სადაო საკითხი არ უნდა იყოს. აი, 2010 წელს კი, ვისენტე დელ ბოსკენ გაწვრთნილებმა და მაშინ მოქმედმა ევროპის ჩემპიონებმა ყველაფერი გააკეთეს ისტორიის დასაწერად.

“ფურია როხა” ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თავიდანვე მიიჩნეოდა, მაგრამ სადებიუტო შეხვედრა კოშმარული გამოდგა. მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, ესპანეთი შვეიცარიის ნაკრებთან მაინც დამარცხდა (0:1). პირინელთა ოცნებას ბევრმა წყალი გადაასხა, მაგრამ ესპანელებმა ფეხზე წამოდგომა მოახერხეს. ჯგუფში ორივე თამაში მოიგეს (ჰონდურასთან 2:0, ჩილესთან 2:1). მერე კი, ჯერი პლეი-ოფზე მიდგა.

სხვათა შორის, ესპანეთს არ უთამაშია მისთვის დამახასიათებელი ლაღი ფეხბურთი, მაგრამ შედეგზე გააკეთა აქცენტი და მოსავალიც მოიმკა. პლეი-ოფის 4 მატჩში დელ ბოსკეს გუნდმა სულ რაღაც 4 გოლი გაიტანა, მაგრამ არ გაუშვია და სანუკვარი თასი სამშობლოში წააბრძანა. პორტუგალია, პარაგვაი, გერმანია და ფინალში ჰოლანდია – ყველა ეს თამაში ესპანელთა სასარგებლოდ დასრულდა და ყველა ერთნაირი ანგარიშით – 1:0. განსაკუთრებით დრამატული გამოდგა ფინალი, რომლის ბედი ანდრეს ინიესტას დარტყმამ დამატებით დროში გადაწყვიტა.

ახლა კი, იულიან ლოპეტეგის გუნდს საქმე სარეაბილიტაციოდ აქვს. 4 წლის წინ ესპანეთი საშინლად გამოვიდა მუნდიალზე: ჰოლანდიასთან 1:5 და ჩილეთან 0:2 – ეს ჯგუფში ჩარჩენის ტოლფასი გამოდგა. ამას მოჰყვა წარუმატებელი ევრო 2016, სადაც ესპანელთა სვლა მხოლოდ მერვედფინალში შეჩერდა იტალიის ნაკრებთან (0:2) მარცხით. რეაბილიტაციისთვის კი ესპანეთს ჩინებული შანსი აქვს, რადგან დიდებული შემადგენლობა ჰყავს და ფავორიტადაც მიიჩნევა...

გზა რუსეთამდე

ესპანეთმა მუნდიალის ფინალური ეტაპისკენ სვლა საკმაოდ რთული ჯგუფიდან დაიწყო, სადაც სერიოზული კონკურენტი ჰყავდა იტალიის სახით. თუმცა, ლოპეტეგის გუნდმა მთელი შესარჩევი ეტაპი ერთი ამოსუნთქვით განვლო და “სკუადრა აძურასთანაც” აიღო რევანში აიღო. საბოლოოდ, “ფურია როხამ” 10 მატჩიდან 9 მოიგო (მათ შორის, შინ იტალიასთან 3:0) და ოდენ ერთი თამაში ვერ მოიგო. ეს 2016 წლის სექტემბერში, ტურინში, როდესაც იტალიის ნაკრებთან დაზავდა (1:1). საბოლოოდ, ესპანეთმა ჯგუფში 28 ქულით იპირველა და იტალიას 5 ქულით გაუსწრო და პლეი-ოფისკენ გადაისროლა. რა ბედი ეწიათ აპენინელებს პლეი-ოფში, ამაზე აღარ მოგაწყენთ.

მუნდიალზე გასავლელი გზა

15 ივნისი, 2018, სოჭი. პორტუგალია – ესპანეთი

იულიან ლოპეტეგის გუნდისთვის მუნდიალი 15 ივნისს, სოჭში მეზობელ პორტუგალიასთან მატჩით დაიწყება. გუნდთან, რომელთანაც კარგი მოგონებები აკავშირებს. ისინი ერთმანეთს პირველად ჯერ კიდევ ლამის საუკუნის წინ, 1921 წელს შეხვდნენ და ამხანაგური მატჩი ესპანეთმა 3:1 მოიგო.

საერთოდაც, საწყისი 16 მატჩიდან ესპანეთი პორტუგალიასთან დაუმარცხებელი იყო: 12 მოგება, 4 ფრე. ლუზიტანალებემა პირველი მატჩი 1947 წლის 26 იანვარს მოიგეს, როდესაც სპარინგში 4:1 სძლიეს.

1984 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გუნდები ფრეზე გაიყარნენ (1:1), ხოლო 2004 წელს, ასევე ევროფორუმზე პორტუგალიამ ლისაბონში 1:0 გაიმარჯვა. რვა წლის წინ, სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ამ გუნდთა გზა მერვედფინალში გადაიკვეთა და მომავალმა ჩემპიონმა ესპანეთმა დავიდ ვილიას გოლით მოიგო. ამ მატჩიდან ზუსტად ხუთ თვეში, სპარინგში პორტუგალიამ მწარე ალიყური აგემა მეზობლებს და 4:0 გაანდგურა.

ბოლო დაპირისპირება კი, ყველაზე დრამატული გამოდგა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გუნდებმა გოლი 120 წუთის განმავლობაში ვერ შეადგეს. მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში კი გამარჯვება ესპანეთს დარჩა.

მთლიანობაში სტატისტიკა ესპანეთის სასარგებლოდ მეტყველებს: 36 მატჩი, 18 მოგება, 12 ფრე, 6 წაგება.

20 ივნისი, 2018, ყაზანი. ირანი – ესპანეთი

“ფურია როხა” მეორე მატჩს 20 ივნისს, ყაზანში ირანის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ გუნდების გზა ისტორიაში პირველად სწორედ რუსეთში გადაიკვეთება.

25 ივნისი, 2018, კალინგრადი. ესპანეთი – მაროკო

ჯგუფური ტურნირი კი მაროკოს ნაკრებთან მატჩით სრულდება. ესპანეთს აფრიკელებთანაც კარგი მოგონებები აკავშირებს: 2 მატჩი და 2 გამარჯვება. ესეც შორეულ წარსულში – 1961 წელს, მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში პირინელებმა ჯერ სტუმრად მოიგეს (1:0), მერე სახლში (3:2).

კონტიგენტი

ესპანეთის ნაკრებს კონტიგენტი ჰყავს, ნუ იტყვით – ალბათ, ნებისმიერი ქვეყანა, რომ დაუფიქრებლად მოაწერდა ხელს. რა თქმა უნდა, გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებთ და ამით თავს არ შეგაწყენთ, რადგან ფეხბურთში ოდნავ ჩახედულმა ადამიანმა მაინც იცის, როგორი შემადგენლობაა ლოპეტეგის განკარგულებაში.

საქმეს მხოლოდ ის ართულებს, რომ “ფურია როხას” თავკაცმა რუსეთში 23 ფეხბურთელი უნდა იახლოს და ბევრს მოუწევს თამაშგარეში დარჩენა. მათ შორის, ისეთებს, ბევრი კლუბი თუ ნაკრები რომ ინატრებდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ლოპეტეგი. ერთი ფაქტია, ბედნიერია ის მწვრთნელი, რომელსაც ასეთი დიდი არჩევანი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ეს არცთუ ადვილი საქმეა, რადგან ესპანეთი საკმაოდ ვარსკვლავური გუნდია. ამიტომაც, ჩვენს არჩევანს ორ ადამიანზე შევაჩერებთ – სერხიო რამოსი და ანდრეს ინიესტა.

პირველი ნაკრების კაპიტანი და უდაო ლიდერია, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. სერხიოს დღევანდელი ფორმაციის გუნდიდან ყველაზე მეტი, 151 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და 13 გოლიც აქვს გატანილი. გოლების რაოდენობით გუნდში მყოფ ფეხბურთელთაგან რამოსი მხოლოდ დავიდ სილვასა და ანდრეს ინიესტას ჩამორჩება (ალვარო მორატას აქტივშიც 13 გოლია). რაც დაგვეთანხმებით, რომ მცველისთვის ფანტასტიკური შედეგია. რამოსის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში 2005 წლის 26 მარტს ჩინეთთან (3:0) სპარინგში შედგა. იქედან მოყოლებული სერხიო ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. პირველი გოლი იმავე წლის 12 ოქტომბერს, შვედეთთან შეხვედრაში შეაგდო. ითამაშა ევროპისა (2008, 2012, 2016) და მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014). 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2010 წელს – მსოფლიოსი.

ანდრეს ინიესტას ნაკრებში პირველად ლუის არაგონესმა 2006 წელს უხმო და 27 მაისს, რუსეთთან მისი დებიუტიც შედგა. სადებიუტო გოლი კი 2007 წლის 7 თებერვალს ინგლისთან სპარინგში შეაგდო. “ინი” 2006 წლის მუნდიალის 23-კაციან განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ მწვრთნელი დიდად არ სწყალობდა და მხოლოდ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, არაფრის მომცველ მატჩში (საუდის არაბეთთან) დაუთმო დრო. აი, აქედან მოყოლებული კი ანდრესი ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი და უცვლელი ლიდერი გახდა. “დონ ანდრესს” დიდი წვლილი მიუძღვის იმ ფანტასტიკურ მონაკვეთში, როდესაც “ფურია როხამ” ყველაფერი მოიგო. მთავარი სიტყვა კი, 2010 წლის მუნდიალის ფინალში თქვა, როდესაც დამატებით დროში ჰოლანდიას გამარჯვების გოლი გაუტანა (გარდაცვლილ მეგობარსა და კოლეგას დანი ხარკეს მიუძღვნა) და ესპანეთი ისტორიაში პირველად გახდა პლანეტის მბრძანებელი. ინიესტას აქტივში დღემდე 125 სანაკრებო მატჩი და 14 გოლია. ითამაშა მსოფლიოსა (2006, 2010, 2014) და ევროპის სამ ჩემპიონატებზე (2008, 2012, 2016). ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი. აქვე გეტყვით, რომ კატალონელი ნახევარმცველი მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

მწვრთნელი

იულიან ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრები 2016 წლის ზაფხულში მას შემდეგ ჩაიბარა, რაც “ფურია როხამ” ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო. საკვალიფიკაციო ეტაპი კი გუნდმა მისი ხელმძღვანელობით დიდებულად განვლო და მისდამი სასაყვედურო ამ ეტაპზე არაფერია.

51 წლის სპეციალისტი დიდი სამწვრთნელო კარიერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ყველაფერი 2003 წელს, “რაიო ვალეკანოდან” დაიწყო, რომლის დატოვება მალევე მოახდა. შემდეგ იყო მადრიდის “რეალი” მეორე გუნდი, ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებებბი (19, 20 და 21 წლამდე). 2014 წელს კი პორტუგალიური “პორტუ” ჩაიბარა. “დრაკონებში” ლოპეტეგიმ ორი წელი იმუშავა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია და “დრაგაუ” ისე დატოვა, რომ ტიტულიც ვერ მოიგო.

საერთოდ კი, ორი ტიტული აქვს სამწვრთნელო კარიერაში მოგებული: 2012 წელს ევროპის 19 წლამდე, ხოლო 2013 წელს, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი მოიგო.

განსაკუთრებული არც საფეხბურთო კარიერა ჰქონია. პოზიციით მეკარე გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” რიგებში ირიცხებოდა, ფეხი ვერ მოიკიდა. კარიერის უმეტესი ნაწილი “ლოგრონესში” და “რაიო ვალეკანოში” გაატარა. 1994 წელს კი, ესპანეთის ნაკრებში ერთხელ მიეცა თამაშის საშუალება.

ესპანეთი – ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონი (1): 2010

ევროპის ჩემპიონი (3): 1964, 2008, 2012

ოლიმპიური ჩემპიონი (1): 1992

0.111349