პრემიერლიგის 36-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდა. მე-18 ადგილოსანმა “საუთჰემპტონმა” შინ “ბორნმუთი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, ხოლო “ჰადერსფილდმა” და “სუონსიმ” საკუთარი შეხვედრები დათმეს. შესაბამისად, “წმინდანებმა” “გედებთან” სხვაობა ერთ, ხოლო დასავლეთ იორკშირელებთან და “ვესტ ჰემთან” სამ ქულამდე შეამცირეს.
“საუთჰემპტონს” დუშან ტადიჩმა მოაგებინა, რომელმაც 25-ე წუთზე საკუთარი გუნდის უსწრაფესი კონტრშეტევა დააგვირგვინა. მასპინძელთა მცველების უყურადღებობით ტაიმის ბოლოს ჯოშუა კინგმა ისარგებლა და ორი მეტრიდან ცარიელ კარში შეაგდო, ხოლო 54-ე წუთზე ტადიჩი კვლავ მშვენივრად გაისარჯა, ბეგოვიჩს შორეულ კუთხეში გაუტანა და “წმინდანებს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა – 2:1.
“ჰადერსფილდი” შინ უმოტივაციო “ევერტონს” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი მიიღო, ხოლო “სუონსი” “ლიბერთი სთედიუმზე” “ჩელსისთან” დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე სესკ ფაბრეგასმა გაიტანა და ლონდონურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიზერული შანსი დაუბრუნდა, რადგან “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “სტოკს” ვერ სძლია, რომელიც ცალი ფეხით ჩემპიონშიფშია.
“კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე “ლესტერი” მიიღო, ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა და პრემიერლიგაში დარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. “არწივები” გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ ლონდონური კლუბისთვის ეს ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში.
“ვესტ ბრომვიჩს” მთელი სეზონის განმავლობაში ისე რომ ეთამაშა, როგორც ბოლო სამი ტურია ასპარეზობს, ცხრილის ფსკერის ნაცვლად, შუაში მაინც იქნებოდა. “ბულბულებმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” მოუგეს, “ლივერპულს” კი ქულა აართვეს, ხოლო ამჯერად გასვლაზე “ნიუკასლი” დაამარცხეს, მაგრამ მათი გამოღვიძება ძალიან გვიანია და გასავარდნად არიან განწირულები.
გატანილი გოლების გარეშე დასრულდა “ბარნლის” და “ბრაიტონის” დაპირისპირება. შონ დიჩის შეგირდებმა ამ ქულით ევროპა ლიგის საგზური გაინაღდეს, ხოლო “თოლიებმა” ელიტაში დარჩენისთვის პატარა ნაბიჯი გადადგეს წინ.
ლივერპული – სტოკი 0:0
კრისტალ პალასი – ლესტერი 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ზაჰა (17), 2:0 მაკარტური (38), 30 ლოფტუს-ჩიკი (81), 4:0 ვან აანჰოლტი (84), 5:0 ბენტეკე (90 პენ.)
გაძევება: ოლბრაიტონი (56 ლ.)
ბარნლი – ბრაიტონი 0:0
ჰადერსფილდი – ევერტონი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 თოსუნი (39), 0:2 გაიე (77)
ნიუკასლი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:1)
გოლი: ფილიპსი (29)
საუთჰემპტონი – ბორნმუთი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0, 2:1 ტადიჩი (25; 54), 1:1 კინგი (45+1)
სუონსი – ჩელსი 0:1 (0:1)
გოლი: ფაბრეგასი (4)