საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გამოქვეყნებული „კორეის ნახევარკუნძულის ოლიმპიური დეკლარაციის" შესაბამისად, 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 22 ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენი. ისინი გამოვლენ ზამთრის სპორტის 3 სახეობის 5 დისციპლინაში. აკრედიტაციას მიიღებს აგრეთვე 24 ჩრდილოეთ კორეელი ოფიციალური პირი და 21 ჟურნალისტი. თამაშების გახსნის ცერემონიალზე ორივე კორეის წარმომადგენლები გაერთიანებულ გუნდად გამოვლენ.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს ლოზანაში, IOC-ის შტაბ-ბინაში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ IOC-ის, პიონჩანგ-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები.
IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებაში მონაწილე დელეგაციების წევრებს და აღნიშნა, რომ შეხვედრა ოლიმპიური სულისკვეთებით წარიმართა: „ოლიმპიური თამაშები გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს სამყარო, თუ ჩვენ, ყველანი ერთად, ვიხელმძღვანელებთ ოლიმპიური იდეალებით, პატივისცემით და ურთიერთგაგებით. ეს არის ოლიმპიური გზავნილი პიონჩანგიდან მთელი მსოფლიოსათვის," - განაცხადა თომას ბახმა.
geonoc.org.ge