ფეხბურთი

17:16 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ყაზახებთან სრული უპირატესობით

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსში, “განვითარების თასზე” პირველი მატჩი ჩაატარა და ყაზახეთს 3:2 მოუგო.

დასაწყისშივე, გიორგი გულიაშვილი წააქციეს და ზურაბ დავითაშვილმა პენალტით გახსნა ანგარიში.

თუმცა ქართველებმა ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაუშვეს. ყაზახებმა ორივეჯერ სტანდარტულის გათამაშებით გაიტანეს და ორივეჯერ, თავურით: ჯერ კუთხურის, მერე კი საჯარიმოს ჩაწოდებით.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ და მეორე ნახევარში ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. შეცვლებმა და ტაქტიკურმა გადაადგილებებმაც გაამართლა.

მეორე ნახევრის შუაში ცოტნე კაპანაძემ ახლო კუთხეში გაუტანა მეკარეს. ეს ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდების შემდეგ – 2:2.

69-ე წუთზე კი კაპანაძემ ჩააწოდა საჯარიმოში და გულიაშვილმა ვარდნაში ფეხით ზუსტად დაარტყა – 3:2. დარჩენილ წუთებში ყაზახებს ერთი შანსი ჰქონდათ (ახლოდან კარს ააცილეს), თუმცა ბურთს უფრო ქართველები ფლობდნენ და გამარჯვებამდე მიიყვანეს საქმე.

საქართველო-ყაზახეთი 3:2 (1:2)

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე (ჩიხრაძე 74), გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, შალიკაშვილი (აბზიანიძე 41), შვარცი (იაკობიძე 41), ჩოთალიშვილი, კვარაცხელია (დეკანოსიძე 80+3), დავითაშვილი, გულიაშვილი

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

გოლები: 1:0 დავითაშვილი (6 პენ), 1:1 გერასიმოვი (23), 1:2 ზაკსილიკოვი (25), 2:2 კაპანაძე (62), 3:2 გულიაშვილი (69)

ამავე ჯგუფში, უკრაინამ მოლდოვას 4:0 აჯობა.

საქართველო ჯგუფის მეორე მატჩს 23 იანვარს გამართავს მოლდოვასთან. დასაწყისი 20:00 საათზე. მესამე შეხვედრა უკრაინასთან 25 იანვარს, 15:30 საათზე დაიწყება.

0.132849