ფეხბურთი

22:10 | 8.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი იტალიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 39 წლის მეკარეს გამოსათხოვარ შეხვედრას დამდეგი წლის ივნისში მოუწყობს. ჯერჯერობით ცნობილი არაა ზუსტი თარიღი, მეტოქე და მასპინძელი ქალაქი. თუმცა, სავარაუდო ნუსხა უკვე არსებობს.

მაგალითათ, ბუფონის უკანასკნელ სანაკრებო მატჩში “სკუადრა აძურას” მეტოქე შვეიცარია, პოლონეთი, ჰოლანდია ან ირლანდია იქნება. რაც შეეხება მასპინძლელ ქალაქს, არჩევანი ორია და ორივე ქალაქი ჯიჯის კარიერას უკავშირდება: პარმა ან ტურინი. მოგეხსენებათ, ბუფონმა კარიერის საწყისი 6 წელი სწორედ “პარმაში” გაატარა, ხოლო მას შემდეგ ტურინის “იუვენტუსში” თამაშობს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ზემოხსენებული თამაში 1 ივნისის შემდეგ ჩატარდება. ამ დღეს იტალია ნიცაში საფრანგეთთან გამართავს ამხანაგურ თამაშს.

შეგახსენებთ, ბუფონი იტალიის ნაკრებს შვედეთთან პლეი-ოფში დამარცხების შემდეგ დაემშვიდობა. ვეტერან მეკარეს “სკუადრა აძურას” ღირსება 1997-2017 წლებში 175-ჯერ დაუცავს. ეს არამარტო იტალიის, არამედ ევროპის რეკორდი გახლავთ, ხოლო მსოფლიოს რეკორდამდე აპენინელ კარის დარაჯს 9 თამაში დააკლდა.

0.11317