საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გერმანიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრებში ახლა ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეა, ამიტომ, იმის თქმა, რომ მოახლოებულ ორ შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ, არასწორი იქნება.
„კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეების ძალისხმევით, ვინც გუნდში გვყავს. ისინი თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ. არანაირი პრეტენზია არ მაქვს მათ მიმართ. მინდა ყველამ გაიგოს, რა სიტუაციაში ვართ ახლა. კალათბურთელთა უმეტესობა გამოუცდელია, არასდროს უთამაშიათ იმ დონეზე, როგორზეც გერმანიისა და სერბეთის ნაკრებების კალათბურთელები თამაშობენ.
ამ მომენტში ისეთი ძლიერები არ ვართ, როგორებიც გვინდა რომ ვიყოთ. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც 100%-ით უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი თამაშის გაუმჯობესებაზე. ახალგაზრდებთან ერთად გამოცდილი მოთამაშეებიც გვყავს გუნდში და მათი ერთმანეთთან შეთამაშება არაა ადვილი. არ მინდა, რომ ვინმეს დიდი მოლოდინი ჰქონდეს ამ ორ მატჩთან დაკავშირებით. ჩვენ ვეთამაშებით ისეთ დიდ გუნდებს, რომლებიც ევრობასკეტზე გამოდიან, აქვთ ტრადიციები. მაგალითად, სერბეთი, რომელიც თითქმის ყოველთვის სამეულში ასრულებს ასპარეზობას. ჩვენთვის ეს უნდა იყოს გამოცდილება. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი. გვაკლია ორი ტრავმირებული მოთამაშე, ცინცაძე და დუდა სანაძე, რომლებიც ამ ტურნირზე ძალიან დაგვეხმარებოდნენ და ასევე ბურჯანაძეც, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. იმედია, მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. ახლა ისე უნდა ვიასპარეზოთ, როგორც შეგვიძლია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ახლა ახალგაზრდა მოთამაშეების ჩართულობაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ასევე გამოცდილი მოთამაშეების კარგი გარჯა. უკვე დროა, რომ ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ ნაკრებში. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ მთელი გულით ვითამაშებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა გვაქვს და ესაა დიდი პრობლემა“, - განაცხადა ზუროსმა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 24 ნოემბერს, ქემნიცში, გერმანიასთან მატჩით დაიწყებს. სამი დღის შემდეგ კი ბელგრადში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.