კვირას, 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე - "მარაკანა", ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის - „თბილისის მერიის თასი“-ს გათამაშების ფინალი გაიმართება.
თასის გათამაშებამ სტარტი აპრილში აიღო. მასში მონაწილეობდა თბილისის 30 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, რომლებიც ამავდროულად „თბილისის ლიგა 2017“-ის მონაწილეები იყვნენ. ფინალისტი გუნდები - სამოყვარულო საფეხბურთო კლუბები "ნახალოვკა" და "35-ე თბილისი" - ოლიმპიური სისტემით გამოვლინდნენ.
გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა სიმბოლური და ფულადი პრიზები.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი 18 ნოემბრიდან ჩაერთვება „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალურ ეტაპზე, სადაც მონაწილეობს საქართველოს 16 საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი.
სეზონის ბოლოს თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „თბილისის მერიის სუპერთასი“-ს მოსაპოვებლად.
დასწრება თავისუფალია.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.
ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია