ფეხბურთი

13:50 | 2.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო მცველად აღიარეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრის საუკეთესო მცველად დასახელდა.

Realnoevremya.ru-მ 15 ტურის მერე მიმდინარე სეზონის შეაჯამა და საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოარჩია. მცველებში ყველას სწორედ ქართველმა აჯობა. სოლომონის მთავარი კონკურენტი იტალიელი დომენიკო კრიშიტო იყო, მაგრამ კვირკველიას თამაში გამოცემამ უფრო მაღალ დონეზე შეაფასა.

“აქ ყველაფერი ადვილია. ჩვენს ჩემპიონატში ბევრნი არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად თამაშობენ? სწორი პასუხია: კვირკველია. ალბათ სწორედ ის არის ამ კალიბრის მოთამაშეთა ნათელი წარმომადგენელი. მან ამ სეზონში ორჯერ გაიტანა – “არსენალთან” (1:0) და “რუბინთან” (1:1). გარდა ამისა, სოლომონს არ დავიწყებია თავისი პირდაპირი მოვალეობა. “ლოკომოტივმა” პირველ წრეში მხოლოდ 11 გოლი გაუშვა და ამაში მთავარი დამსახურება კვირკველიას მიუძღვის. მან ტრავმირებული ჩორლუკას ჩანაცვლება შეძლო და სამწვრთნელო შტაბს ეს პრობლემა დაავიწყა”, - წერს გამოცემა.

სოლომონ კვირკველიამ მიმდინარე სეზონში “ლოკომოტივის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩი ჩაატარა (15 პრემიერლიგაში, 3 ევროპა ლიგაზე, 1 რუსეთის თასზე, 1 რუსეთის სუპერთასზე,) და 3 გოლი გაიტანა (2 პრემიერლიგაში, ერთი თასზე). რაც შეეხება “ლოკომოტივს”, მოსკოველებმა პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს, უახლოეს მდევარ “ზენიტს” 3 ქულით უსწრებენ.

0.11577