დიდხანს ელოდნენ ამ დღეს მიუნხენის “ბაიერნის” გულშემატკივრები – “რეკორდმაისტერი” მიმდინარე სეზონში ერთპიროვნულად პირველად გალიდერდა. იუპ ჰაინკესს კი მიუნხენში დაბრუნების შემდეგ 100%-იანი შედეგი აქვს და აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ვერცხლის სინის” დასაკუთრებაში ხელს მხოლოდ საკუთარი თავი თუ შეუშლის.
ერთი შეხედვით “ბაიერნს” რთული მატჩი ჰქონდა, ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგის” წინააღმდეგ. ამ გუნდებმა სამი დღის წინ გერმანიის თასზე იბურთავეს და გერმანულ მანქანას დიდი ძალისხმევის გაღება მოუწია შემდეგ ეტაპზე გასასლელად – პენალტების სერიაში მოიგო. თუმცა, ამჯერზე “ბაიერნმა” ძალზე ადვილად მოიგო. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა. ჯერ ხამეს როდრიგესმა შეაგდო გამოზომილი დარტყმით, მერე რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა გააორმაგა. მასპინძელთა ამოცანა, თამაშის დასაწყისში სტუმართა კაპიტნის, ვილი ორბანის გაძევებამაც განაპირობა. მოკლედ, “რეკორდმაისტერმა” მოიგო და დორტმუნდის “ბორუსიას” სამი ქულით გაასწრო.
იმ “დორტმუნდს”, რომელიც კრიზისის ხანაშია. პეტერ ბოშის დღეები კი “სიგნალ იდუნა პარკზე” დათვლილი უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში, ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში “ყვითლები” ძალზე არადამაჯერებლად თამაშობენ. მეტიც, დაცვაში “დორტმუნდის” თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ახლაც ასე იყო – “ჰანოვერმა” საჩემპიონო ამბიციიც მქონე გუნდის უკანა ხაზს გასაღები მარტივად მოარგო და ოთხი გოლიც გაუტანა. ბოშის გუნდმა ბრძოლისუნარიანობა მაინც გამოავლინა: ორჯერ აგებდა და გაათანაბრა, მაგრამ 59-ე წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ზაგადუმ ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო. ბედად, დანიშნული ჯარიმა მასპინძლებმა გოლად აქციეს გამარჯვებულის ვინაობაც იქ გაირკვა. “ბორუსიას” უკვე სამი მოუგებელი თამაში დაუგროვდა (1 ქულა) და “ბაიერნს”, რომელსაც იმავე სამი ტურის წინ 5 ქულით უსწრებდა, 3 ქულით ჩამორჩა... “ჰანოვერი” კი ამასობაში ოთხეულში მოკალათდა.
გელზენკირხენის “შალკეს” მესამე ადგილზე გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ რად გინდა?! – გაანიავა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, “ხუმარების” არასტაბილურობა და გადამწყვეტი მომენტში დაცემა საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. ახლაც ასე მოხდა. “შალკე” იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე დივოკ ორიჯიმ გაათანაბრა და “ვოლფსბურგმა” ქულა გადაარჩინა.
ოთხეულს მიღმა დარჩა “ჰოფენჰაიმი” – იულიან ნაგელსმანის გუნდმა ანგარიში წაიყვანა კიდეც “გლადბახთან”, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშა. ან პირიქით – “გლადბახმა” ითამაშა დიდებულად. გეხსომებათ, ერთი კვირის წინ “ბორუსია” შინ “ლევერკუზენს” 1:0 უგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ხუთი უპასუხო გოლი გაუშვა. ახლა, ყველაფერი პირიქით მოხდა. მართალია, დიტერ ჰეკინგის გუნდს ხუთჯერ არ დაუმწუხრებია მეტოქე, მაგრამ სამი გოლი კი გაუტანა და დამაჯერებლად მოიგო – 1:3.
ტურის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია, “ლევერკუზენის” ქამ-ბექი საკუთარ მოედანზე ღრმა აუსტაიდერ “კიოლნთან”. “თხები” გამარჯვებას დანატრებულნი არიან და “ბაი არენაზე” სცადეს სეზონში პირველად მოეპოვებინათ სამი ქულა. პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, თუმცა, მეორეში კლასმა თავისი გაიტანა და “ფარმაცევტებმა” იმძლავრეს – 2:1. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა დედაქალაქში – “ჰერტამ” “ჰამბურგს” არ დაანება გამარჯვება.
“ლევერკუზენი” – “კიოლნი” 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 გუირაში (23), 1:1 ბაილი (53), 2:1 ბენდერი (73)
“ჰანოვერი” – “დორტმუნდი” 4:2 (2:1)
გოლები: 1:0 ჟონათასი (20, პენ), 1:1 ზაგადუ (27), 2:1 ბებუ (40), 2:2 იარმოლენკო (52), 3:2 კლაუსი (60), 4:1 ბებუ (86)
“ჰერტა” – “ჰამბურგი” 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 შტარკი (17), 2:0 რეკიკი (50), 2:1 არპი (73)
“ჰოფენჰაიმი” – “გლადბახი” 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 დემირბაი (25), 1:1 აზარი (61), 1:2 გინტერი (79), 1:3 ვესტერგაარდი (82)
“შალკე” – “ვოლფსბურგი” 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ბენტალები (43, პენ), 1:1 ორიჯი (90)
“ბაიერნი” – “ლაიფციგი” 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 ხამესი (19), 2:0 ლევანდოვსკი (38)