ფეხბურთი

19:45 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობსონი: “კონტე და კლოპი გიჟებივით იქცევიან, მაგრამ მოურინიო ისჯება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც “საუთჰემპტონთან” მატჩის (1:0) მიმდინარეობისას ტექნიკური ზონიდან გააძევეს, დამატებით სასჯელს გადაურჩა.

პორტუგალიელი სპეციალისტი თამაშის მიწურულს ანდერ ერერასათვის მითითებების მიცემას ცდილობდა, ემოციები ვერ გააკონტროლა და ტექნიკური ზონა გადაკვეთა, რის შემდგომაც მატჩის მთავარმა არბიტრმა ქრეიგ პოუსონმა იგი ტრიბუნაზე გაუშვა.

ამ ფაქტის შესახებ კომენტარი “წითელი ეშმაკების” ყოფილმა კაპიტანმა ბრაიან რობსონმა გააკეთა, რომელიც თვლის, რომ მსაჯები და გულშემატკივრები მოურინიოს ზედმეტად მკაცრად ექცევიან.

“თუ მოურინიო დაჯარიმდება და დისკვალიფიკაციას მიიღებს, ეს იქნება ნამდვილი სირცხვილი. ანტონიო კონტე და იურგენ კლოპი ოფიციალურ შოუებს მართავენ და გიჟებივით იქცევიან, თუმცა არასოდეს ისჯებიან, როდესაც ჟოზე მოიქცევა ასე, ყველა ამბობს, რომ ეს სპეციალურად გააკეთა და მისკენ ხელს იშვერენ.

ეს წინასწარ განზრახული ქმედება არ ყოფილა. უბრალოდ ჟოზეს ძალიან უნდა გამარჯვება და გულშემატკივრის გახარება. მას სურს, რომ ფერგიუსონივით ცეცხლი დაატრიალოს”, - უთხრა Daily Mail-ს რობსონმა, რომელიც ალბათ კმაყოფილი დარჩება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, რადგან ინგლისელმა დისციპლინარებმა, ამ ინციდენტის გამო, პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ფულადი ჯარიმის ან დისკვალიფიკაციის შეფარდება საჭიროდ არ ჩათვალეს და ჟოზე მომავალ მატჩშივე შეძლებს “მანჩესტერ იუნაიტედის” სკამზე კუთვნილი ადგილის დაკავებას.

1.139295