კალათბურთი

19:03 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიას ვერ გადავახტით...

ლიტვის ნაკრებთან მოგებული ფანტასტიკური მატჩის შემდეგ სიხარულის მეორედ განცდის სურვილი და საფუძვლიანი იმედი გვქონდა. თუმცა, არ გამოვიდა – საქართველოს ნაკრები გერმანიასთან ვერაფერს გახდა და ბოლოსკენ დაერთოდ, დანებდა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთაგან თამაში არავის წაუვიდა. სხვებთან შედარებით, ყველაზე უკეთ ზაზა ფაჩულია გამოირჩეოდა, რომელამც საკუთარ გუნდს 14 ქულა და 8 მოხსნა. აი, სხვებმა კი მხარი ვერ აუბეს.

უშანსოდ მარცხის მიზეზი კი, ალბათ პირველ რიგში უყურადღებო თამაშია. არავინ იცის, მეტოქის სიძლიერით თუ სხვა რამით იყო გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრებმა ბურთი 24(!)-ჯერ დაკარგა. ეს ცალსახად ძალიან ბევრია. ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელიაც ვერ გამოიყურებოდა დამაჯერებლად – თოკომ მხოლოდ 12 ქულა ჩააგდო და 8 შეცდომა დაუშვა...

თამაშზე რა შეიძლება რომ ითქვას? – საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა პირველ მეოთხედში გაუწია. საწყისი ათწუთეული ძირითადად გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდებმა ერთმანეთს 19-19 ქულა ჩაუგდეს. აი, მეორე მეოთხედი კი, როგორ ლიტვასთან საქართველომ ცუდად ჩაატარა და მეტოქე დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი გაქცევით გაუშვა. ზუსტად ასეთი სცენარი იყო ლიტვასთანაც, თუმცა გაგრძელება ისეთი არ გამოდგა, როგორიც გვსურდა. არადა, ილიას ზუროსის გუნდმა მესამე მეოთხედი კარგად დაიწყო და ერთი პერიოდი ჩამორჩენაც აღმოფხვრა, წინაც გავიდა (3 ქულით), მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო მაქსიმუმი. იქედან მოყოლებული გერმანიამ თამაშის სადავეები ხელთ იგდო და საფინალო სირენამდე აღარც გაუშვია. დენის შრიოდერი – “ატლანტა ჰოუქსის” გამთამაშებელმა 23 ქულა მოათავსა ჩვენს კალათში. და მაინც, ვერ ვიტყვით, რომ მის გამო წავაგეთ. მაგალითად, ხსენებულ ქულებთან ერთად შრიოდერმა ბურთი 9-ჯერ დაკარგა, რაც ძალიან ცუდი შედეგია. მაგრამ, რად გინდა, სხვებმა ითამაშეს ჩინებულად – მაგალითად რობინ ბენცინგმა – მან 11 ქულა დააგროვა და მათ შორის, ზედიზედ ორი სამქულიანი ისეთ მომენტში მოათავსა კალათში, რომ საქართველო წელში გატეხა.

ცალკე უნდა ვისაუბროთ დასკვნით პერიოდზე – 52:55 ასეთი ანაგრიში ფიქსირდებოდა და შეუძლებელიც არაფერი ჩანდა. არც განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს 10 წუთში ხსენებული სხვაობის აღმოფხვრა. თუმცა, გაგიკვირდებათ და ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა 5(!) ქულა ჩააგდო – ეს კი, კატასტროფული შედეგია. სწორედ დასკვნით ათწუთეულში გაიქცა ყველაზე შორს გერმანია (11 ქულა) და სწორედ გადამწყვეტ პერიოდში ჰქონდა ყველაზე დიდი ჩავარდა ზუროსის გუნდს. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 4 წუთი ისე ჩაატარა, რომ ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხა და სწორედ მაშინ, ნათელი გახდა, რომ თამაში წაგებული იყო. საბოლოოდ, მინუს 10 ქულა: 57:67.

საქართველოს ნაკრებს ახლა მოგების წინ წაგება აქვს და წინ მესამე ტურის შეხვედრაა. შეხვედრა, რომელიც ყველა შემთხვევაში მოსაგებია. დიახ, მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება. თამაში კი, 3 სექტემბერს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

საქართველო – გერმანია 57:67 (19:19, 17:22, 16:14, 5:12)

მატჩის სტატისტიკა

0.116904