ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი არ გამორიცხავს, რომ კარიერა 2018 წლის მერეც გააგრძელოს. როგორც იტალიელ ჟურნალისტებს ჯიჯიმ განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს - ამ შემთხვევაში კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდება.
„ამ მომენტში მე სათამაშოდ კიდევ ერთი წელი დამრჩა. რა იქნება ამის შემდეგ, ამას მომავალში გადავწყვეტ, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელს კარიერას დავასრულებ - 99%-ით...
თუმცა, პრეზიდენტთან ერთად უკვე გადავწყვიტე, რომ თუ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ, ფეხბურთში დავრჩები, რადგან მოტივაცია ისევ მექნება, რომ მოვიგო კიდევ ორი ტიტული (ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - ავტ)“, - განაცხადა ბუფონმა.
ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი აქვს წაგებული 2003, 2015 და 2017 წლებში. მას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი დამდეგი წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო კარიერის დასრულებას 2018 წლის მუნდიალის შემდეგ გეგმავს.