კალათბურთი

12:06 | 26.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ქუთაისი’’-,,იბერის’’ მატჩის შედეგით ფედერაცია დაინტერესდა

უჩვეულოდ უხვქულიანი გამოდგა 16 წლამდე ჭაბუკ კალათბურთელთა საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის ერთი, რიგითი შეხვედრა, სადაც ,,ქუთაისმა’’ უმასპინძლა ,,იბერს’’ და 141:131 დაამარცხა. კიდევ უფრო უჩვეულო იყო ერთ მეოთხედში გუნდების მიერ დაგროვილი 109 ქულა. რაღა თქმა უნდა, ასეთმა უჩვეულო შედეგმა მისი ობიექტურად დაფიქსირების ეჭვი გამოიწვია. ამ შედეგმა გამორჩეული ყურადღება იმითაც მიიპყრო, რომ ეს შეხვედრა ერთ-ერთ უცხოურ ტოტალიზატორს თამაშების სიაში ჰქონდა შეტანილი.

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ არასრულწლოვნები, ნებსით თუ უნებლიეთ, აზარტულ თამაშში აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.

გთავაზობთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით:

„მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისში ჩატარებული საქართველოს 16-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის მატჩის ,, ქუთაისი’’-,,იბერი’’-ს შესახებ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულებით 22 მაისიდან მოკვლევას ახორციელებს ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი, რისი დასრულების შემდეგ მოკვლევის შედეგი გადაეცემა კალათბურთის ფედერაციის გამგეობას.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებას გამგეობის მიერ აღნიშნული თამაშის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება ,, ქუთაისი’’-,,იბერის’’ შეხვედრის შედეგს, რომელიც 141:133 დასრულდა „ქუთაისის“ სასარგებლოდ, ის ძალაში აღარ არის 22 მაისიდან მოკვლევის დასრულებამდე და საბოლოო შედეგი ფედერაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაფიქსირდება“.

0.11441