“მონაკოს” 18 წლის ფორვარდმა კილიან მბაპემ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.როგორც ესპანური Marca ირწმუნება, ფრანგ ფეხბურთელს “რეალში” თამაში სურს და გადასვლაზე უკვე დათანხმდა მადრიდელებს.
“სამეფო კლუბის” წარმომადგენლები მბაპეს მთელი სეზონის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდნენ და მადრიდში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს. რაც შეეხება თავად მბაპეს არჩევანს, რომელიც წინადადებების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, წყაროს ცნობით, ის მეტწილად ზინედინ ზიდანის ფაქტორითაა განპირობებული.
გარიგების ფინანსურ მხარეზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თუმცა, “მონაკოს” ბიუჯეტი ამ ტრანსფერით სოლიდურად რომ შეივსება, ძნელი მისახვედრი ნამდვილად არაა. დაახლოებით რა ოდენობის თანხებზეა საუბარი, შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ თუნდაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით: მბაპეს სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს იხდიდა “მანჩესტერ იუნაიტედი”, მაგრამ “მონაკომ” 120 მილიონი მოითხოვა და ინგლისელებთან მოლაპარაკება შეჩერდა.
მბაპე “მონაკოს” პირველ გუნდში 2015 წელს გამოჩნდა, მიმდინარე სეზონში კი წამყვან მოთამაშედ იქცა: 39 მატჩი, 24 გოლი - ასეთია ახალგაზრდა ფეხბურთელის მონაგარი ამ სეზონში და მას გუნდის წარმატებულ გამოსვლაში როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, დიდი წვლილი მიუძღვის. კილიანს წელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. ფეხბურთელს "მონაკოსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.