ფეხბურთი

18:20 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი სამოყვარულო დიდ ფეხბურთში

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ატარებს საქართველოს თასის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11X11).
ჩემპიონატი სტარტს აიღებს 2016 წლის 11 სექტემბერს და დასრულდება 14 დეკემბერს.

საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. თითოეული გუნდის განაცხადში წარმოდგენილია 16-დან 25 მოთამაშემდე. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500 მოყვარული ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დებულების შესაბამისად, გათამაშებაში მონაწილეობას არ იღებენ საქართველოს უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის, ასევე, ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელები.

საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები. თითოეული მუნიციპალური ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ეტაპზე.

რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები ფინალურ ეტაპზე გამოავლენენ საქართველოს თასის გამარჯვებულს.
საქართველოს თასის ფინალური ეტაპი ჩატარდება თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 გუნდი.

რეგიონების ქვოტა ფინალურ ეტაპზე:
1. აჭარა - 1 გუნდი;
2. გურია - 1 გუნდი;
3. რაჭა-ლეჩხუმი - 1 გუნდი;
4. სამეგრელო - 2 გუნდი;
5. იმერეთი - 2 გუნდი;
6. შიდა ქართლი - 2 გუნდი;
7. ქვემო ქართლი - 1 გუნდი;
8. სამცხე-ჯავახეთი - 1 გუნდი;
9. კახეთი - 2 გუნდი;
10. მცხეთა - მთიანეთი - 1 გუნდი;
11. თბილისი - 2 გუნდი.

ჩემპიონატის მუნიციპალურ და რეგიონალურ ეტაპზე გუნდების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები.
საქართველოს თასის ფინალური ეტაპის ნახევარფინალისტი 4 გუნდის შემადგენლობიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.
რაც შეეხება თბილისის ლიგას, ეს არის რეგულარული გათამაშება, რომელიც უკვე მესამედ ტარდება. იგი წარმოადგენს საქართველოს თასის გათამაშების ნაწილს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. თბილისში ჩამოყალიბდა 2 ლიგა - უმაღლესი და პირველი ლიგა. უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს 10 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, ხოლო, პირველი ლიგის 20 გუნდი 10 – 10 გუნდად გადანაწილდება თანაბარი დონის ორ A და B ჯგუფში. სულ თბილისის უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობას იღებს 30 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

თბილისის ლიგის გუნდები ოფიციალურად რეგისტრირდებიან იურიდიულ პირებად საჯარო რეესტრში, ასევე საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივ ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ეგზავნება UEFA -ს შესაბამის ორგანოს.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.
პროექტის მიზნებია:
 ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა;
 მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება;
 ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
 ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა;
 დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
 საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’ CUP-ზე.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

0.114756