იტალიის სერია A-ს მოკრძალებულმა ბინადარმა ვერონას “კიევომ” გუშინ იტალიის ჩემპიონატში პირადი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “მფრინავმა ვირებმა” “ფროზინონე” 5:1 გაანადგურეს, აქამდე კი ამ გუნდს 5 გოლი ერთ თამაშში ვერ გაეტანა. მათ მიმდინარე სეზონშივე მიღწეული შედეგი გააუმჯობესეს, როცა პირველ ტურში რომის “ლაციოს” კარი ოთხჯერ დალაშქრეს.
ამასთან, გუნდს ექვსთამაშიანი წაუგებელი სერია აქვს – ესეც საუკეთესო მაჩვენებელია, როგორც გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგი (ასევე 6 მატჩი). თუმცა, თუ შარშან 6-დან 4 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ორში იმარჯვეს, ახლა ყველაფერი პიქითაა: 4 მოგება, 2 ფრე.
საერთოდ, როლანდო მარანის გუნდი წლეულს მისთვის უჩვეულოდ კარგად თამაშობს და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ელიტაში დარჩენა განაღდებული აქვს. “კიევოს” აქტივში 34 თამაშში დაგროვილი 48 ქულაა.