კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ თავისი კარიერის ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ არგენტინელ თავდამსხმელს უკვე 5 თამაშია არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. ასეთი რამ კი ლიონელის კარიერაში პირველად მოხდა. მესის მშრალი სერია უკვე 452 წუთია გრძელდება. მესიმ ბოლოს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალს” გაუტანა. მას მერე კი “ოქროს ბურთის” მოქმედმა მფლობელმა ორ შეხვედრაში “ატლეტიკოს”, ხოლო თითოჯერ “ვილიარეალს”, “რეალსა” და “სოსიედადს” ვერ გაუტანა.
აღსანიშნავია, რომ მესის “ბარსელონას” შემადგენლობაში 499 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ საიუბილეო მე-500 გოლის გატანას ჯერჯერობით ვერაფრით ახერხებს. საერთოდ, მისი ცუდი თამაში გუნდზეც ისახება: “ბარსელონა” გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, ლა ლიგის ბოლო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულით იწონებს თავს...