უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებიდან სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ვოლფსბურგს" ჰყავს. "მგლების" რიგებიდან მეკარე დიეგო ბენალიო, მცველები დანტე და რიკარდო როდრიგესი და თავდამსხმელი მაქსიმილიან არნოლდი გამოარჩიეს.
როდრიგესმა "რეალთან" მოგებულ (2:0) მატჩში ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, ხოლო არნოლდმა ორბურთიანი სხვაობა 25-ე წუთზე დააფიქსირა. დანტე მეტოქის შეტევებს კარგად შლიდა, ხოლო ბენალიომ 3 სეივი შეასრულა და ესპანელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს "მანჩესტერ სიტის" და მიუნხენის "ბაიერნს". "ქალაქელებმა" პსჟ-სთან სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშეს, სიმბოლურში კი გოლების ავტორები ფერნანდინიო და კევინ დე ბრუინი მოხვდნენ.
პარიზული გრანდიდან უეფამ მხოლოდ ტიაგო მოტა გამოარჩია, გერმანული გნდიდან სიმბოლურში "ბენფიკასთან" მოგებულ მატჩში (1:0) საგოლე გადაცემის და გოლის ავტორები ხუან ბერნატი და არტურო ვიდალი მოხვდნენ.
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" რიგებიდან კვირის ნაკრებში მოწინააღმდეგე გუნდების თითო-თითო ფეხბურთელი მოხვდა. "ბლაუგრანამ" ლუის სუარესის დუბლის წყალობით მადრიდელებს 2:1 სძლია. დიეგო სიმეონეს გაწვრტნილი გუნდიდან საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა ლუკას ერნანდესი, რომელმაც "ბარსელონას" რამდენიმე შეტევა ჩაშალა და მეტოქეს ანგარიშის კიდევ გაზრდის საშუალება არ მისცა.
კვირის საუკეთესო გუნდი
მეკარე: დიეგო ბენალიო ("ვოლფსბურგი")
მცველები: ლუკას ერნანდესი ("ატლეტიკო"), დანტე, რიკარდო როდრიგესი (ორივე "ვოლფსბურგი"), ხუან ბერნატი ("ბაიერნი")
ნახევარმცველები: ტიაგო მოტა (პსჟ), ფერნანდინიო ("მანჩესტერ სიტი"), არტურო ვიდალი ("ბაიერნი")
თავდამსხმელები: კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), ლუის სუარესი ("ბარსელონა"), მაქსიმილიან არნოლდი ("ვოლფსბურგი")