ფეხბურთი

15:26 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” VS “ბენფიკა” –“არწივები” მიუნხენში თურმე მოსაგებად არიან

დღის მეორე მატჩში მიუნხენის “ბაიერნი” ლისაბონის “ბენფიკას” დაუხვდება. საფეხბურთო სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, გერმანელები აშკარა ფავორიტები არიან, თუმცა პეპ გვარდიოლას ასე არ მიაჩნია და ამბობს, რომ “ბენფიკა” ბრწყინვალე ფორმაშია. პეპი მართალია, პორტუგალიური კლუბი მართლაც კარგ ფორმაშია და ბოლო 20 მატჩიდან 19 მოგებული აქვს, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ “არწივებს” მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” დარ გუნდთან ჯერ არ უთამაშიათ.

შიდა ჩემპიონატში ორივე გუნდის საქმეები კარგად მიდის. განსაკუთრებით კი “ბაიერნის”, რომელიც მდევარს 5 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, “ბენფიკა” ლისაბონის “სპორტინგთან” მხოლოდ 2 ქულიან ჰანდიკაპს ფლობს. ლისაბონელთა თავკაც რუი ვიტორიას დღევანდელ მატჩში გამარჯვება უნდა და ამის იმედი აქვს. ეს წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პორტუგალიელს არ დაუმალავს.

მას დღევანდელ მატჩში წამყვანი ბრაზილილი ფეხბურთელები ჟულიო სეზარის და ლუიზაოს იმედი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო ამ მხრივ უფრო რთულ დღეში გვარდიოლაა, რომელსაც ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი, არიენ რობენი და მეჰდი ბენატია არ ეყოლება. თუმცა, ამ ორი უკანასკნელის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.

პეპ გვარდიოლა (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “მე ვარ “ბაიერნის” მწვრთნელი და ყოველთვის საუკეთესო მსურს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღევანდელ მატჩში ფავორიტები ჩვენ ვართ. “ბენფიკა” მოცემულ მომენტში კარგ ფორმაშია და ძალიან კარგად თამაშობს. სტატისტიკაც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. მეტოქის საჯარიმოში კოსტას მიტროღლუ და ჟონასი ძალზე სახიფათონი არიან. თუმცა, ჩვენ “ბაიერნი” ვართ და “ბაიერნს” ყოველთვის ფავორიტად ასახელებენ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ “ბენფიკას” და მთლიანად პორტუგალიურ ფეხბურთს. საკმარისია, გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი “პორტუ”...

პირველ ყოვლისა გახარებული ვარ, რომ ფრანკ რიბერი ძველ ფორმას უბრუნდება. ბოლო ორი კვირაა მან ძალიან მოუმატა. იგი ორი წელი გვაკლდა. ამიტომაც ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ერთადაა”.

რუი ვიტორია (“ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი): “ბაიერნი” საუკეთესო გუნდია. ეს, ის გუნდია, რომელსაც გამოსავლის პოვნა ნებისმიერი მდგომარეობიდან შეუძლია. სწორედ ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და ვეცადოთ, იმაზე უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე შეგვიძლია.

ჩვენ არ გვეშინია. მეტოქის თამაშებს ანალიზი გავუკეთეთ, ძალიან ძლიერი გუნდია. მიუნხენში დადებითი შედეგის საჩვენებლად ჩამოვედით. კარგი იქნება თუ მოვიგებთ – მე ყოველთვის მოგება მინდა. თუმცა, ვიცი, რომ ეს ურთულესი გასაკეთებელი იქნება.

მინდა, დღეს ჩემი გუნდი ვიხილო გაღიმებული და ენთუზიაზმით მოთამაშე”.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი; ალონსო, ვიდალი; კომანი, მიულერი, რიბერი (დუგლას კოშტა); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; ანდრე ალმეიდა, ლინდელოფი, ჟარდელი, ელიზეუ; ფეისა, რეანტო სანჩესი, გაიტანი, პიცი; ჟონასი, მიტროღლუ

მწვრთნელი: რუი ვიტორია

მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

0.204563