არნემის “ვიტესის” მთავარი მწვრთნელი რობ მაასი გუნდის ქართველ ლიდერ ვაკო ყაზაიშვილს შეხვდა. როგორც ინტერნეტპორტალი omroepgelderland.nl იტყობინება, არნემელთა თავკაცმა ყაზიაშვილთან გასაუბრება მას შემდგომ გადაწყვიტა, რაც ერედივიზიონის ბოლო ტურში “ვილემ II”-თან (0:1) მატჩისას ვაკომ უკმაყოფილება გამოხატა, როდესაც ის მაასმა შეცვალა.
“ვესაუბრე ვაკოს თავის პოზიციასთან დაკავშირებით. იგი უკმაყოფილოა, რადგან მას პოზიცია შევუცვალე” – თქვა მაასმა.
წყაროს ინფორმაციით, თავად ყაზაშვილმა კი აღნიშნულზე კომენტარის გაკეთება ჟურნალისტებთან არ ისურვა.
გუშინვე, ჰოლანდიურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მაასი ქართველ ფეხბურთელს “როდასთან” მატჩში ძველ სათამაშო პოზიციაზე დაბრუნებას უპირებს – შემტევ ნახევარმცველად.