ბათუმის “დინამომ“ თურქული შეკრება დაასრულა. ბოლო, მეხუთე ამხანაგურ შეხვედრაში ბათუმური კლუბი ყაზახურ „ირტიშს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ბათუმელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 26-ე წუთზე პავლოდარელთა კარი გიორგი ბერიაშვილმა აიღო და პირველი ნახევარი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მეორმოცე წუთზე დინამოელი კაშია შესაცვლელი გახდა, რისი მიზეზიც ყაზახი ფეხბურთელის უხეშობა გახდა.
ირტიშელებმა ანგარიში 64-ე წუთზე გაათანაბრეს – მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დინამოელთა საჯარიმოში ჩაწოდებით და მაკასის თავური დარტყმით დაგვირგვინდა 1:1.
შეხვედრის ბოლო წუთზე დინამოელებს გამარჯვების მოპოვება მაინც შეეძლოთ, თუმცა, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ამირან ამუსელიძეს მიზანმა უმტყუნა.
ამრიგად, თურქულ შეკრებაზე „დინამომ“ 5 მატჩში 2 გამარჯვება იზეიმა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო ერთ მეტოქესთან დამარცხდა. ბურთების შეფარდება ასეთია: 4:5.
“დინამო” (ბათუმი) – “ირტიში” (ყაზახეთი) 1:1
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (26), 1:1 მაკასი (64)
დინამო: მამინაშვილი, ქორიძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი (ქათამაძე, 71), შონია, კაშია (ვარშანიძე, 40), კავთარაძე, ფონიავა (დიასამიძე, 46), აბუსელიძე, ბერიაშვილი (ტეტუნაშვილი, 46).