კალათბურთი

10:34 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია და "დალასის" ლიდერები ოკლაჰომაში დაასვენეს

ზაზა ფაჩულია და მასთან ერთად „დალას მავერიკსის“ ხუთეულის კიდევ 4 წევრი - დირკ ნოვიცკი, დერონ უილიამსი, ვესლი მეთიუზი და ჩანდლერ პერსონსი კვლავ დაასვენეს. ეს პრაქტიკა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ნბა-ში საოლსტარე დასვენების პერიოდი გაიზარდა და შესაბამისად, კალენდარში მატჩებს შორის დრო შემცირდა.

უკვე მეორედ, მიმდინარე სეზონში „დალასმა“ სასტარტოების გარეშე ითამაშა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რიკ კარლაილმა ლიდერები ოკლაჰომაში, „სანდერის“ წინააღმდეგ არ ათამაშა, რითაც დალასელები წააგებად გაიწირნენ და ასეც მოხდა - 89:108.

მატჩის ყველაზე ცხელი მომენტი ის იყო, დალასელი ჩარლი ვილანუევა ოკლაჰომელთა სუპერვარსკვლავ რასელ ვესტბრუკს ყანყრატოში რომ სწვდა. ამით ის თანაგუნდელ ჯეიჯეი ბარეას გამოესარჩლა, რომელიც ვესტბრუკს მეურვეობდა და ერთ-ერთ ეპიზოდში ეს უკანასკნელი შეტევისას ბარეას ეუხეშა. ვესტბრუკი და ვილავუევა მოედნიდან გააგდეს.

სასტარტოების არყოფნაში თავი გამოიჩინა დალასელთა ცენტრმა, ნბა-ს ისტორიაში ტუნისის პირველმა წარმომადგენელმა სალა მეჯრიმ, რომელმაც 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. სასტარტოში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე ჯავალ მაკგიმ კი 10 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.

„დალასს“ 22 მოგების წილ 18 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ჩიკაგოში „ბულსთან“ ელის. შეხვედრა თბილისის დროით 16 იანვარს, დილის 5 საათზე დაიწყება.

www.gbf.ge

0.121892