საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და შექმნილ ვითარებაზე სრული ინფორმაცია მიიღო. რეგიონებთან ურთიერთობის მიმართულებით სფფ-ს პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე იმუშავებს. ასევე შეიქმნა რეგიონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების სამსახური,რომლის ხელმძღვანელიც გოჩა თამაზაშვილი იქნება.
„შევხვდით რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელებს. ის რაც მოვისმინე დაგროვილ პრობლემებზე ამ ადამიანებისგან, კიდევ უფრო გამიმძაფრდა კითხვა თუ როგორ არსებობდა ფეხბურთი საქართველოში. უნდა მოწესრიგდეს წესდებები, უნდა წარმოადგინონ გასული წლის ანგარიში თუ როგორ იქნა გაწერილი მომავალი წლის ბიუჯეტი. 2016 წლის გეგმები რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა უახლოეს მომავალში უნდა წარმოადგინონ და შემდეგ უნდა გაიშალოს მუშაობა ყველა რეგიონის მასშტაბით. ყურადღება უნდა გადავიტანოთ ბავშვთა და მასობრივ ფეხბურთზე“. - განაცხადა სფფ-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.
5 დეკემბერს, ფეხბურთის ფედერაციაში გამართული შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.
სფფ-ს პრესსამსახური