საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, სფფ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გარიგებული თამაშების პრობლემა აღმოიფხვრას. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ფედერაციაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, "სამართლიანი თამაში", რომელიც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ "მიხეილ მესხის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. იქვე, მასთან ერთად კახა ჭუმბურიძე წარდგა, რომელიც სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტია.
"ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ხალხი ფეხბურთისკენ შემოვაბრუნოთ. გარიგებული თამაშების საწინააღმდეგოდ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ასეთი ფაქტებით გულშემატკივარს ფეხბურთისადმი ნდობა უქრება. სფფ-ში შეიქნება სპეციალური ჯგუფი "სამართლიანი თამაში", რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებს, აქამდე ასეთი სამსახური ფედერაციაში არ არსებობდა.
გარიგებული თამაშები: "კოლხეთი" - "ლიახვი" და ზარი ფედერაციაში
"ფედერაციაში დარეკა ფეხბურთელმა, რომლის ვინაობასაც რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ დავასახელებ, რომელმაც გვითხრა, რომ მას გარიგებულ თამაშში მონაწილეობისთვის გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ. იმ დროისთვის საქართელოში არ ვიმყოფებოდი და მეორე დღეს ჩამოვფრინდი, რის შემდგომაც პირდაპირ ხობში გავემგზავრე და პირადად შევხვდი ფეხბურთელს. მინდა მას მადლობა გადავუხადო ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მან ჩვენებაც მისცა და მასთან ერთად იმ შენობაში მეც ვიმყოფებოდი. "კოლხეთისა" და "ლიახვის" მატჩის გადადების შესახებ გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არ იყო, მაგრამ, რადგან მქონდა და მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ სიბინძურეში სხვა ადამიანებიც იქნებოდნენ ჩართული, ასეთი გადაწყვეტილება პირადად მივიღე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აწი ყოველ სატელეფონო ზარზე თამაში გადაიდება. სწორედ ამიტომ შეიქმნება ზემოხსენებული ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად იმუშავებს.
ბევრი სიტუაციაა გამოსასწორებული. მათ შორის ისიც, რომ რეგიონებში თამაშებზე მსაჯები და დელეგატები ერთი ტრანსპორტით არ უნდა მგზავრობდნენ. მინდა ვთქვა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც გარიგებულ თამაშებში იქნება მხილებული მკაცრად დაისჯება. უბრალოდ, მათი ადგილი ქართულ ფეხბურთში არაა".
ფინანსური პრობლემები: ლანჩხუთის "გურია" და ფოთის "კოლხეთი"
"ჩვენ შევხვდით "გურიას" წარმომადგენლებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავალიანების დასაფარად დრო 1 თებერვლამდე მიეცეთ. შესაბამისად, ამ დროისთვის კლუბის დაჯარიმების საკითხი, რაც შეიძლება ყოფილიყო ფინანსური ან ქულების დაკლების სახის, დღის წესრიგიდან მოხსნილია.
რაც შეეხება ფოთის "კოლხეთს", ძალიან სამწუხაროა ამ გუნდის ასეთ მდგომარეობაში ხილვა. მოგეხსენებათ, ქართული ფეხბურთისთვის "კოლხეთი" რასაც ნიშნავს და რამხელა ისტორია გააჩნია. დღეს, დღის მეორე ნახევარში ამ გუნდის წარმომადგენლებს უნდა შევხვდეთ, ვისაუბრებთ და ვნახოთ რა მოხდება. იმედია, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება".
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მომავალი
"ჩვენ დაწყებული გვაქვს საუბრები ნაკრების ყველა მწვრთნელთან და მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე ყველას შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, ისინი ჩვენს მოსვლამდე დაინიშნენ თავიანთ პოსტებზე. ამიტომაც, გადავხედავთ, შევაფასებთ და კარგად გავაანალიზებთ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს, რის შემდგომაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას".
აღმასკომის შეჩერებული წევრობა - ქაოსი ფუტსალის ფედერაციაში
აქ აბსოლუტური ქაოსია. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 3 ოქტომბერს დაიწყეს და მას შემდგომ მხოლოდ 4 თამაშია ჩატარებული. ჩემი ინფორმაციით, დღესაც გადაიდო თამაში. მათ მოგვწერეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ჩემპიონატს გააგრძელებენ, მაგრამ ამ წერილს ხელს არავინ აწერს, მხოლოდ ბეჭედია დასმული. სწორედ ამიტომ, დღეს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ წევრობა შეუჩერდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ გავრიცხეთ, დროებითია. დაველოდებით ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს, რის შემდოგმაც ისევ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე.
დღეს საკითხი ასე დგას: თუ ფეხბურთელთა, თვითონ მათი ხელფასები და ჩემპიონატის ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ, მაშინ რატომ ატარებენ ისინი ჩემპიონატს? - მათაც ხომ უნდა გააკეთონ რაღაც?! - ჩვენ არავის ვუპირისპირდებით. პირიქით, ყველას გვერდში დავუდგებით, მაგრამ მათგანაც იგივეს ვითხოვთ. თუმცა დღეს ფუტსალის ფედერაციის ხელმძღვანელთა მხრიდან უპასუხისმგებლობას ვხედავ. რაზეა საუბარი, როცა ხელისმომწერი კაციც არ ჰყავთ... კიდევ ვიმეორებ, დაველოდებით არჩევნებს, წარმოგვიდგინონ გეგმა, მონახაზი თუ რას აპირებენ და შემდეგ ისევ აღუდგებათ წევრობის უფლება".