ფეხბურთი

17:19 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თამაში დაღლამდე: საქართველომ არწასაგები წააგო

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს თამაშის მიხედვით ნამდვილად არ ჰქონდა წასაგები შვედეთთან, მაგრამ მაინც 0:1 დამარცხდა. ეს მერამდენე შემთხვევაა საქართველოს ნებისმიერი ნაკრების შესრულებით, როცა მომენტებს ვქმნით, მაგრამ გოლი მეტოქეს გააქვს და ვაგებთ.

კიდევ იჩინა თავი დაღლილობამ: აშკარაა, ჩვენების ფიზიკური მომზადება საშუალო ევროპული დონისას ჩამორჩება, ხოლო შვედეთი ამ ასაკში საშუალო დონეც არაა, გაცილებით ძლიერი ნაკრებია. გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ევროპის 4 ჩემპიონი თამაშობდა. დიახ, შვედეთი ხომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი გახდა ამ ზაფხულს და მართალია, მას შემდეგ სხვა კონტინგენტი ჩამოყალიბდა, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი ისევ თამაშობს 21-წლამდელებში, რადგან ასაკით უწევს.

საწყის ნახევარ საათში თანაბარი თამაში ვიხილეთ და ერთადერთი შანსი შვედებს ჰქონდათ, როცა იოაკიმ ნილსონის დარტყმული ძელს მოხვდა. თუმცა ამ მომენტში მეკარე ბექა ქურდაძემაც იყოჩაღა. ტაიმის ბოლო 15 წუთი კი აშკარად ქართველებისა იყო და აი, ამ მონაკვეთში გოლი უნდა გაგვეტანა. ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, ბურთი საბა ლობჟანიძეს მიუვიდა, მან საჯარიმოში ერთი კაცი მოატყუა, დაარტყა და მეკარეს მკერდზე მოხვდა ბურთი.

რამდენიმე წუთში გიორგი პაპუნაშვილმა შორიდან დაარტყა და შვედების მეკარე კაიტოფტმა იმარჯვა. სტანდარტულიდანაც შეგვეძლო გატანა, ნიკა კაჭარავას ოდნავ არ გაუმართლა, მისი თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა. მოკლედ, შვედები სრულ სტატისტებად ჩანდნენ ტაიმის ბოლო წუთებში.

ერთი, რაშიც სკანდინავიელთა უპირატესობა გამოიხატებოდა, სწორად თამაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყო. შესვენებისას ალექსანდრე ჩივაძემ შეცვლა განახორციელა, გიორგი ფანცულაიას ნაცვლად ლაშა ქოჩლაძე გაამწესა შეტევის მარჯვენა ფლანგზე და უნდა ითქვას, ქოჩლაძემ საწყისი 20 წუთის განმავლობაში მართლაც კარგად ითამაშა, მერე კი ვეღარ იყო აქტიური.

შვედებიდან იოაკიმ ნილსონის თავურს თუ გამოვარჩევთ, ქართველებს კი სამი მომენტი ჰქონდათ. აბურჯანია-ქოჩლაძე-გეგეჭკორი-კაჭარავა - კარგი კომბინაცია იყო და ნიკა კაჭარავამ ვერ მიუსწრო ჩაწოდებას. ოთარ კიტეიშვილიც, რომელიც პირველ ტაიმში ჩრდილში იყო, მეორეში გააქტიურდა, მის წამოწყებულ შეტევებს მოჰყვა ხიფათები და ერთ-ერთი ასეთი იყო, როცა ქოჩლაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა - ოდნავ არაზუსტად. კიდევ, ლობჟანიძეს ბურთი რომ გაეჩერებინა, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა პაპუნაშვილის პასის შემდეგ...

და ამ დროს გაიტანა იმ გუნდმა, რომელიც უფრო ნაკლებს უტევდა. 71-ე წუთი იყო, შვედებმა მარტივად გაითამაშეს ბურთი, საჯარიმოში მოძებნეს კერიმ მრაბტი და მანაც შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმით გაუტანა ქურდაძეს – 0:1.

დარჩენილ დროში ქართველებს მეტოქის საჯარიმო არ აუტალახებიათ. საამისო ძალა ჩვენებს აღარ შესწევდათ, დაიღალნენ. სწორედ ეს მომენტია, რაზეც თავშიც დავწერეთ - ფიზმომზადების პრობლემაა და როცა იღლები, ბუნებრივია, სწორად თამაშის უნარიც აღარ გაქვს. უაზროდ იკარგებოდა ბურთები, შვედები კი ამით სარგებლობდნენ.

პრობლემა უფრო თავშია, ვიდრე ერთი-ორი კონკრეტული ფეხბურთელის ყოფნა-არყოფნაზე. დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ქართველი ფეხბურთელები ერთ ტაიმზე, ან ტაიმნახევარზე მეტს ვერ უძლებენ. შვედეთთან კი არა, სუსტ ესტონეთთან გამოჩნდა ეს - პირველი ტაიმი 3:0 მოვიგეთ და მეორეში ფეხბურთი აღარ გვითამაშია...

ჩივაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ეს შესარჩევი უკვე ჩააგდო, ექვს ტურში მხოლოდ ექვსი ქულა გვაქვს. ჩვენზე ძლიერ ნაკრებებს ვერაფერი მოვუხერხეთ და ქულაც ვერ ავიღეთ. ქართული ფეხბურთი ესპანეთს, შვედეთსაც და ხორვატიასაც ყველანაირად ჩამორჩება: რესურსით, ნიჭით და რაც მთავარია, საფეხბურთო მეურნეობით. და ნუ გაგვიკვირდება, რომ ჩვენი ადგილი გვიკავია ჯგუფში - მეოთხე.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი. VI ჯგუფი

17 ნოემბერი.14:00. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

საქართველო - შვედეთი 0:1 (0:0)

საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, ცნობილაძე, დვალი, უბილავა, აბურჯანია, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, ფანცულაია (ქოჩლაძე 46), ლობჟანიძე, კაჭარავა (რომან ჭანტურია 62)

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

შვედეთი: კაიტოფტი, ვალკვისტი, ჰედლუნდი, იოაკიმ ნილსონი, ლუნდკვისტი, ტიბლინგი, ფრანსონი (ზენელი 67), ოლსონი (სევანკამბო 90), მრაბტი, ტანკოვიჩი (გუსტაფ ნილსონი 79), ენგვალი

მწვრთნელი: ჰოკან ერიქსონი

გოლი: 0:1 მრაბტი (71)

გაფრთხილება: ტანკოვიჩი (34), იოაკიმ ნილსონი (53), კიტეიშვილი (66), ცნობილაძე (82)

მსაჯი: მილო (საფრანგეთი)

1. ხორვატია 4 4 0 0 12:0 12
2. ესპანეთი 4 3 1 0 13:3 10
3. შვედეთი 4 3 1 0 10:1 10
4. საქართველო 6 2 0 4 8:12 6
5. ესტონეთი 6 1 1 4 2:15 4
6. სან მარინო 6 0 1 5 1:15 1
0.117135